PACE-ში მიღებული რეზოლუცია - ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს
საქართველოს შესახებ ევროსაბჭოში დამტკიცებული კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ, ივანიშვილის გუნდის პრემიერი პირველ კომენტარს აკეთებს.
ირაკლი კობახიძე PACE-ს აბსურდული და უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს და პროპაგანდისტული "იმედის" ეთერში ირწმუნება, რომ საქართველოს შესახებ დოკუმენტის მიღება "ევროპელ ბიუროკრატიაში მძიმე ვითარებას" ცხადყოფს.
"საბოლოო ჯამში, ეს ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის" - ამტკიცებს ირაკლი კობახიძე.
უსამართლობაზე უფრო მეტად იყო აბსურდული გადაწყვეტილება. ასეთი რამ გააკეთეს: დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითაც არჩევნების შედეგები აღიარეს და იქვე განაცხადეს, რომ თუ აპრილამდე არ ჩატარდება არჩევნები, გააუქმებენ დელეგაციას ჩვენი ქვეყნიდან. ანუ გამოდის, რომ არჩევნებს აღიარებენ, მაგრამ მაინც უნდათ არჩევნების ჩატარება. რატომ? - იმიტომ, რომ წააგო ვიღაცის ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ, რასაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. ასეთი აბსურდული გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში მძიმე ვითარებაა. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კობახიძემ "იმედი ლაივში".
114 მომხრე, 13 წინააღმდეგი - საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო. PACE დოკუმენტით მოითხოვს, რომ მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჩაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.
- რა წერია რეზოლუციაში? - ვრცლად იხილეთ მოცემულ ბმულზე.
დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტდა.