კობახიძე ამტკიცებს, რომ რეზოლუციის მიღების შემდეგ, PACE-ში მუშაობას "აზრი არ აქვს"

29.01.25 23:49
კობახიძე ამტკიცებს, რომ რეზოლუციის მიღების შემდეგ, PACE-ში მუშაობას "აზრი არ აქვს"

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ კრიტიკული დოკუმენტის მიღების შემდეგ, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ "ასეთ ვითარებაში ევროსაბჭოში მუშაობას არავითარი აზრი არ ჰქონდა". 

"თუ შეიცვლება დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში" - ამტკიცებს ივანიშვილის რეჟიმის პრემიერი პროპაგანდისტული "იმედის" ეთერში. 

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა ქალბატონმა თეა წულუკიანმა დელეგაციის სახელით, ჩვენი გუნდის სახელით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და დელეგაცია წყვეტს მუშაობას, მოხდება ამ დელეგაციის გამოწვევა საქართველოს პარლამენტის მიერ. თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ასეთ ვითარებაში, რასაც დღეს ვხედავთ, იქ მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის საკმაოდ მარტივი საკითხი. რაიმე არსებითი მნიშვნელობა დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა აბსურდულობა არის ამ გადაწყვეტილების ასპექტი, რომელიც ანალიზს იმსახურებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ “იმედი ლაივში“.

114 მომხრე, 13 წინააღმდეგი - საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო. PACE დოკუმენტით მოითხოვს, რომ მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჩაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.

  • რა წერია რეზოლუციაში? - ვრცლად იხილეთ მოცემულ ბმულზე

დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტდა

მსგავსი სიახლეები