სანქციები შეუქცევად ხასიათს იღებს - ვინ იქნება შემდეგი?
რეჟიმის მსახურების დასანქცირება შეუქცევად ხასიათს მიიღებს - ასეთია საერთაშორისო ექსპერტების პროგნოზი. სპეციალისტები "პირველებთან" ინტერვიუში ამბობენ, რომ ჩეხეთი არ იქნება ბოლო, ვინც ხალხის წამებაზე პასუხისმგებელ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს შავ სიაში შეიყვანს.
მათივე შეფასებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ეროვნულ დონეზე ინდივიდუალური სანქციების დაწესებაში ხედავენ გამოსავალს.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ევროკავშირში
ყველა ძალიან კარგად ხედავს, ვინ არის უკანონო დავალებების გამცემი, ამიტომ ექსპერტი ვარაუდობს, რომ ივანიშვილიც უნდა ელოდოს პერსონალურ სანქციებს.
განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპას ძალიან კარგად ესმის, ივანიშვილის სახით რასთან აქვს საქმე, ამასთანავე ხედავს, კონკრეტულად ორი სახელმწიფო მეთაურის მხრიდან, (უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო) სირთულეების შექმნის ფონზე, გადაწყვეტილების მიღება ერთიანად უჭირს ევროპის გაერთიანებას, ამიტომ ინდივიდუალურად უდგებიან: 1 - ეს უბიძგებს დანარჩენ სახელმწიფოებს მათ მიბაძონ, და მეორე: ყველაფრის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება ძალიან ასუსტებს რეჟიმს. განსაკუთრებით ფინანსური სანქციები, ქმნის სირთულეებს, იმ კორუმპირებული ჩინოსნებისთვის, რომლებიც პრინციპში იმისთვის მდიდრდებიან, რომ თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება და ამ ფულის ხარჯვა და კიდევ უფრო გამდიდრება.
ეს სახელმწიფოები ძალიან კარგად აცნობიერებენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და იმ საფრთხეს თუ რუსეთმა საქართველოში ძალაუფლება შეინარჩუნა ივანიშვილის სახით ამიტომ ხვდებიან, რომ სწრაფი მოქმედებაა საჭირო. მე ველი რომ სანქციები გაგრძელდება"- განაცხადა ნინო კალანდაძემ.
ოლიგარქს მძიმე დღეებს უანონსებს ატლანტიკური საბჭოს წევრი, დავით სიხარულიძეც. მისი თქმით, რეჟიმის მსახურების დასანქცირება დასავლელი მეგობრების მიერ ქართველი ხალხის მხარადჭერის ნიშანია.
მე პირადად, ჩეხეთიდან არ მახსოვს მსგავსი ნაბიჯები. პრფინციპში გასაგებია, რატომ იდგმება მსგავსი ნაბიკები, რადგან ეს იყო სასტიკი ძალადობა და წამება იმ ადამიანების, რომლებიც ქუჩაში იმიტომ გამოვიდნენ, რომ დაეცვათ საკუთარი უფლებები.
ველი, რომ ის ადამიანები, ვინც წამების პოლიტიკური დაკვეთა გასცა, მათი ანგარიშვალდებულების საკითხი დადგება. ეს არ იყო შემსრულებლის მოფიქრებული, ეს იყო კარგად დაგეგმილი, მიზანმიმართული ქმედებები"- განაცხადა მან.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელ სამ წარმომადგენელს დაუწესა ჩეხეთმა სანქციები 2024 წელს გამართულ საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დარბევის გამო.
"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, სანქცირებულები არიან:
- თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფი, ზვიად ხარაზიშვილი
- განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი "ხარებას" მოადგილე, მირზა კეზევაძე
ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, გერმანია და ახლა უკვე ჩეხეთი ევროკავშირის წევრი მეხუთე სახელმწიფოა, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ მაღალჩინოსანს მომიტინგეების დევნა, წამება, ცემა და მოქალაქეთა უკანონოდ დაკავებები არ აპატია.