ყაველაშვილმა სანქცირებული სირაძე და კეზევაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა - კიდევ ვის მისცეს ჯილდო

30.01.25 14:06
ყაველაშვილმა სანქცირებული სირაძე და კეზევაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა - კიდევ ვის მისცეს ჯილდო

ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხელ ყაველაშვილმა, ხალხის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული შსს-ს სანქცირებული მაღალჩინოსნები "ღირსების ორდენით" დააჯილდოვა.

  • ყველაშვილმა ჯილდო გადასცა მათ შორის ჩეხეთის მიერ სანქცირებულ ვაჟა სირაძეს და მირზა კეზევაძეს. დაჯილდოებულთა შორის არიან ვახტანგ გომელაური და პოლიციის შეფი, თეიმურაზ კუპატაძე
  • ასევე, ერთ-ერთი დაჯილდოებულია გდდ-ს შეფი, ზვიად ხარაზიშვილია, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც სპეცრაზმის მაღალჩინოსანი იყო - კაცი ორი გვამის ვიდეოდან "ქართულმა ოცნებამ" დასჯის ნაცვლად ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
  • დაჯილდოებულთა შორის არის ასევე გომელაურის მოადგილე, მიხეილ ჭელიძე, მეტსახელად "მოზგი", რომელიც "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით, ერთ-ერთი იყო, ვინც დარბევების ბრძანებებს გასცემდა. ამას ადასტურებს "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული რაციის ჩანაწერები. 

როგორც ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შსს-ს მაღალჩინოსნები "კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის", ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ.

ვინ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით - სრული სია:

  1. ვახტანგ გომელაური;
  2. შალვა ბედოიძე;
  3. ალექსანდრე დარახველიძე;
  4. გიორგი ბუთხუხი;
  5. იოსებ ჭელიძე;
  6. თემურ კუპატაძე;
  7. ვაჟა სირაძე;
  8. სულხან თამაზიშვილი;
  9. ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“);
  10. მილერი ლაგაზაური;
  11. მირზა კეზევაძე.

შეგახსენებთ, აშშ-მა „ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, „ხარებას“ მოადგილე მირზა კეზევაძე რამდენიმე თვის წინ დაასანქცირა - ისინი შეყვანილნი არიან მაგნიტსკის სიაში. 

ვახტანგ გომელაურსა და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანამ.

ამასთან, "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელ სამ წარმომადგენელს დაუწესა ჩეხეთმა სანქციები 2024 წელს გამართულ საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დარბევის გამო. 

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, სანქცირებულები არიან:

  • თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფი, ზვიად ხარაზიშვილი
  • განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი "ხარებას" მოადგილე, მირზა კეზევაძე

ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, გერმანია და ახლა უკვე ჩეხეთი ევროკავშირის წევრი მეხუთე სახელმწიფოა, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ მაღალჩინოსანს მომიტინგეების დევნა, წამება, ცემა და მოქალაქეთა უკანონოდ დაკავებები არ აპატია. 
 

მსგავსი სიახლეები