PACE ძალადობის შეჩერებას მოითხოვდა, დღეს კი მარიონეტულმა პრეზიდენტმა შსს-ს სანქცირებული პირები "დაამშვენა" - ზურაბიშვილი
ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტის მიერ ხალხის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული შსს-ს სანქცირებული მაღალჩინოსნების "ღირსების ორდენით" დაჯილდოებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ 29 იანვარს მიღებული რეზოლუციით, PACE საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის შეჩერებას მოითხოვდა, ამის პარალელურად კი "მარიონეტულმა პრეზიდენტმა სანქცირებული ფიგურები "დაამშვენა".
გუშინ PACE საქართველოში საპოლიციო ძალების მრიდან ძალადობის შეჩერებას მოითხოვდა და დღეს მარიონეტულმა პრეზიდენტმა "დაამშვენა" შინაგან საქმეთა სამინისტროს სანქცირებული ფიგურები, რომლებიც ძალადობასა და წამებაზე არიან პასუხისმგებელნი", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხელ ყაველაშვილმა, ხალხის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული შსს-ს სანქცირებული მაღალჩინოსნები "ღირსების ორდენით" დააჯილდოვა.
- ყველაშვილმა ჯილდო გადასცა მათ შორის ჩეხეთის მიერ სანქცირებულ ვაჟა სირაძეს და მირზა კეზევაძეს. დაჯილდოებულთა შორის არიან ვახტანგ გომელაური და პოლიციის შეფი, თეიმურაზ კუპატაძე.
- ასევე, ერთ-ერთი დაჯილდოებულია გდდ-ს შეფი, ზვიად ხარაზიშვილია, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც სპეცრაზმის მაღალჩინოსანი იყო - კაცი ორი გვამის ვიდეოდან "ქართულმა ოცნებამ" დასჯის ნაცვლად ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
- დაჯილდოებულთა შორის არის ასევე გომელაურის მოადგილე, მიხეილ ჭელიძე, მეტსახელად "მოზგი", რომელიც "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით, ერთ-ერთი იყო, ვინც დარბევების ბრძანებებს გასცემდა. ამას ადასტურებს "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული რაციის ჩანაწერები.
როგორც ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შსს-ს მაღალჩინოსნები "კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის", ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ.
ვინ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით - სრული სია:
- ვახტანგ გომელაური;
- შალვა ბედოიძე;
- ალექსანდრე დარახველიძე;
- გიორგი ბუთხუხი;
- იოსებ ჭელიძე;
- თემურ კუპატაძე;
- ვაჟა სირაძე;
- სულხან თამაზიშვილი;
- ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“);
- მილერი ლაგაზაური;
- მირზა კეზევაძე.