"ცალტვინა ყაველაშვილმა შსს-ს მაღალჩინოსნებს ფუჩეჩი ჩამოურიგა" - ალეკო ელისაშვილი
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის პრეზიდენტის მიერ შსს-ს მაღალჩინოსნებისთის გადაცემულ ჯილდოს "ფუჩეჩის" ფასი აქვს.
ელისაშვილის თქმით, ღირსების ორდენით რეჟიმი მისი ქვეშოვრდომების და დავალებების შემსრულებლების სანქცირების კომპენსაციას ცდილობს, თუმცა ოპოზიციონერი ხაზგასმით ამბობს, რომ "ცალტვინა ყაველაშვილის ჯილდო სანქცირების კომპენსაცია" ვერ იქნება.
ფაქტია, რომ სახლობანას თამაშობენ. ის, რომ ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, ბალტიის ქვეყნები, ჩეხეთი გასანქცირებს და ყველა დასანქცირებულთა შორის ფიგურირებს "ხარება" და ფიგურირებენ მისი მოადგილეეები და ის მოძალადე პოლიციელები, რა თქმა უნდა, ამის ფონზე, რომ ეს ცალტვინა ყაველაშვილი რაღაცა ორდენს მოგცემს, რა თქმა უნდა, ეს მაგის კომპენსაცია არ არის და ეს არის სახლობანა, ვითომ რაღაცას რომ აკეთებ. ღირსების ორდენი, რა თქმა უნდა, ძაან პატივსაცემი ჯილდოა, მაგრამ ყაველაშვილი რასაც გადმოგცემს ყველაფერი ფუჩეჩია და რავიცი ახლა, ეს ფუჩეჩი ურიგონ ერთმანეთს და იყვნენ. ფაქტი ის არის, რომ ეს მოძალადე პოლიციელები თავს ვერსად ვერ გაყოფენ ირანის და რუსეთის გარდა", - ამბობს ელისაშვილი.
ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხელ ყაველაშვილმა, ხალხის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული შსს-ს სანქცირებული მაღალჩინოსნები "ღირსების ორდენით" დააჯილდოვა.
- ყველაშვილმა ჯილდო გადასცა მათ შორის ჩეხეთის მიერ სანქცირებულ ვაჟა სირაძეს და მირზა კეზევაძეს. დაჯილდოებულთა შორის არიან ვახტანგ გომელაური და პოლიციის შეფი, თეიმურაზ კუპატაძე.
- ასევე, ერთ-ერთი დაჯილდოებულია გდდ-ს შეფი, ზვიად ხარაზიშვილია, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც სპეცრაზმის მაღალჩინოსანი იყო - კაცი ორი გვამის ვიდეოდან "ქართულმა ოცნებამ" დასჯის ნაცვლად ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
- დაჯილდოებულთა შორის არის ასევე გომელაურის მოადგილე, მიხეილ ჭელიძე, მეტსახელად "მოზგი", რომელიც "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით, ერთ-ერთი იყო, ვინც დარბევების ბრძანებებს გასცემდა. ამას ადასტურებს "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული რაციის ჩანაწერები.
ვინ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით - სრული სია:
ვახტანგ გომელაური;
შალვა ბედოიძე;
ალექსანდრე დარახველიძე;
გიორგი ბუთხუხი;
იოსებ ჭელიძე;
თემურ კუპატაძე;
ვაჟა სირაძე;
სულხან თამაზიშვილი;
ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“);
მილერი ლაგაზაური;
მირზა კეზევაძე.
შეგახსენებთ, აშშ-მა „ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, „ხარებას“ მოადგილე მირზა კეზევაძე რამდენიმე თვის წინ დაასანქცირა - ისინი შეყვანილნი არიან მაგნიტსკის სიაში.
ვახტანგ გომელაურსა და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანამ.
ამასთან, "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელ სამ წარმომადგენელს დაუწესა ჩეხეთმა სანქციები 2024 წელს გამართულ საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დარბევის გამო.
"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, სანქცირებულები არიან:
- თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფი, ზვიად ხარაზიშვილი
- განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი "ხარებას" მოადგილე, მირზა კეზევაძე
ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, გერმანია და ახლა უკვე ჩეხეთი ევროკავშირის წევრი მეხუთე სახელმწიფოა, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ მაღალჩინოსანს მომიტინგეების დევნა, წამება, ცემა და მოქალაქეთა უკანონოდ დაკავებები არ აპატია.