"მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის სიმბოლოა" - ევროპარლამენტარები მოშიმშილე ქალის გათავისუფლებას მოითხოვენ
მოშიმშილე მზია ამაღლობელის შესახებ დასავლეთში საუბარი ინტენსიურად მიმდინარეობს - თავისუფალი ჟურნალისტის, თამარ ნუცუბიძის მიერ ჩაწერილი ინტერვიუებით ევროპარლამენტარები გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ.
ევროდეპუტატები აცხადებენ, რომ გისოსებს მიღმა გამოკეტილი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის სიმბოლოა. წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსები "ქართულ ოცნებას" კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ზეწოლის შეჩერებას მოუწოდებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ სწორედ მედია არის დემოკრატიის საზომი.
მზია არის ევროპული, დემოკრატიული საქართველოს სიმბოლო. და ეს ადამიანები, ვინც ის დააკავა, არიან დიქტატურის სიმბოლოები. ეს რუსული, ბელორუსული, პუტინის და ლუკაშენკოს სტილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან და იბრძვიან, მათ შორის, ამ თამამი ქალისთვის საქართველოში", - ამბობს რასა იუკნევიჩიენე.
იმედგამაცრუებელი სიტუაციაა საქართველოში, ამიტომაც ადამიანები რადიკალურ ნაბიჯს დგამენ. მე სრულად ვუჭერ მხარს მზიას. მისი შიმშილობა მტკივნეული და სარისკოა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ცრუ ბრალდებები ხანდახან რადიკალური ქმედებებით უნდა შეცვალო. ჩემი მხარდაჭერა მზიას", - ამბობს პეტრას აუსტრევიჩიუსი.
მზია ამაღლობელი მაგალითია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის. ევროკავშირისთვის, დემოკრატიისთვის თავისუფალი მედიის არსებობის ქვაკუთხედია. სადაც მედია დამოუკიდებელია, სადაც სამართალდამცავების ქმედებები პროპორციულია. არ შეიძლება წნეხი და ზეწოლა მედიაზე, რადგან მედია არის დემოკრატიის საზომი. და ამ საქმეში მე მზიას მხარეს ვარ და იმედი მაქვს, რომ მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იქნება დაცული და გათავისუფლდება, რათა გააგრძელოს მისი საქმიანობა", - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეცხრამეტე დღეა, შიმშილობს.
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.