ჯო უილსონი და ჯეიმს მაკკლირი ბრიტანეთის საგარეო მინისტრს ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართავენ

30.01.25 19:37
ჯო უილსონი და ჯეიმს მაკკლირი ბრიტანეთის საგარეო მინისტრს ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართავენ

კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართავენ. 

  • დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, დევიდ ლემისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.

"დაუწესეთ სანქციები მჩაგვრელ ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც ხელი შეუწყო პუტინის ინტერვენციას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოუთხარა ქვეყნის სუვერენიტეტს" - წერია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ "ივანიშვილის პარტია ხელს უწყობს ქვეყნის სვლას პუტინის ჯიბისკენ".

ამასთან, ამერიკელი და ინგლისელი დეპუტატები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შავ სიაში შეყვანის გარდა, საქართველოსთან ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობა შაეჩეროს. 

ძვირფასო საგარეო საქმეთა მინისტრო,

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ როგორც ატლანტის ოკეანის, ასევე პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს ვდგავართ, ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილისგან მომავალ გამოწვევას სჭირდება ერთიანი, ტრანსატლანტიკური და ზეპარტიული პასუხი.

ჩვენ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ იმოქმედოთ და დაუწესოთ სანქციები მჩაგვრელ ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც ხელი შეუწყო პუტინის ინტერვენციას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოუთხარა ქვეყნის სუვერენიტეტს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს სანქციები 2024 წლის დეკემბერში დაუწესა. ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და დემოკრატიის პატივისცემის სულისკვეთებით, ახლა ეს გზა დიდმა ბრიტანეთმაც უნდა გაიზიაროს. 

ბიძინა ივანიშვილის პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" მთელ ქვეყანას ჩამოართვა დემოკრატიული უფლებები და ხელს უწყობს ქვეყნის სვლას პუტინის ჯიბისკენ. ბრიტანულ სანქციებს შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი გავლენა, რადგან ივანიშვილი და მისი მოკავშირეები ფლობენ მნიშვნელოვან აქტივებს ბრიტანეთში. გარდა ამისა, ივანიშვილის მთავარი პროპაგანდისტული რუპორი, ტელეკომპანია "იმედი", იმართება დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით, რაც უბრალოდ მიუღებელია.

ჩვენ მოვუწოდებთ დიდ ბრიტანეთს, მიყვეს შეერთებული შტატების მაგალითს და ფორმალურად შეაჩეროს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. მსოფლიო ახლა უყურებს გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ მტკიცედ დგას საერთაშორისო სამართლის სადარაჯოზე და რჩება გლობალურ ლიდერად მშვიდობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში - როგორც ჩვენ ეს გავაკეთეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, რაც გამოიხატა კრიტიკული ხმების ძალადობრივი მეთოდებით ჩახშობასა და ჟურნალისტების დევნაში, არ შეიძლება იყოს იგნორირებული. სასწრაფო, ერთიანი და საერთაშორისო პასუხი აუცილებელია. მხოლოდ ასეთი მტკიცე ნაბიჯებით შევძლებთ, დავიცვათ ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებები." - წერია წერილში.

მსგავსი სიახლეები