ეს პროცესი არის ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია, რათა დიდძალი ფული გამომძალოს - ბაჩიაშვილი
ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ დიდძალი თანხა გამომძალოს, - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ივანიშვილის ნება რომ იყოს, სასამართლო პროცესებს საერთოდ არ ჩაატარებდა და ციხეში ისე გაუშვებდა, მაგრამ ოლიგარქს უნდა, ფორმალობა დაიცვას და ხალხს მოაჩვენოს, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი სამართლიანად ხდება.
ბოლომდე რომ ამათი ნება იყოს, საერთოდ არ ჩაატარებდნენ ამ სხდომებს და პირდაპირ ციხეში გამიშვებდნენ. უბრალოდ, ივანიშვილს მაინც უნდა, რომ ფორმალობა დაიცვას, ხალხს მოაჩვენოს, თითქოს ამ შენობაში რაღაც ხდება და სამართალთან ახლოს აქვს საქმე ამ შენობას და მის რეჟიმს. ამიტომ, ყველაფერი არის მოსალოდნელი, არაფერი გაგიკვირდეთ. ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ დიდძალი თანხა გამომძალოს, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე სამი მოწმე გამოიკითხება. სასამართლო სხდომას ესწრება თავად გიორგი ბაჩიაშვილიც, რომლის უფლებადამცველმაც აღკვეთის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლაზე შუამდგომლობა დააყენა. ინტერესების დამცველი ითხოვს, ბაჩიაშვილს საზღვარგარეთ გასვლა არ აეკრძალოს.
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.