თავისუფლება სინდისის პატიმრებს! - თბილისში დღეს ფართომასშტაბიანი აქციაა დაანონსებული
თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს! - უკანონოდ დაკავებული მომიტინგეების მხარდასაჭერად დღეს თბილისში ფართომასშტაბიანი აქციებია ჩანიშნული. ოლიგარქის ტყვეების ოჯახის წევრები და მეგობრები მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობას საღამოს 7 საათზე დაიწყებენ. საპროტესტო მარში სტარტს სამი სხვადასხვა ლოკაციიდან აიღებს. ხალხი შეიკრიბება მარჯანიშვილისს მოედანზე, პირველი არხის შენობასთან და სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, საბოლოო გაჩერება კი ტრადიციულად საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია იქნება.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახლა მათი მთავარი მარშრუტები ციხე, სასამართლო და აქციაა. მათი თქმით, მთავარი პატიმარი ახლა მაინც მზია ამაღლობელია, რადგან ის უკვე 20 დღეა საპატიმროში შიმშილობს.
ჩვენი მარშრუტია ციხე, სასამართლო, აქცია. ჩვენ ერთმანეთის შვილების სასამართლოებზე დავდივართ. დღეს სამი ლოკაციაა და ჩვენ გადავწყვიტეთ, საზოგადოებრივ არხთან მისვლა, რახან სხვა სენტიმენტები გვაქვს ამ არხთან დაკავშირებით. დღეს პირველი საზრუნავი მზია გვყავს. მზიამ არ გაითვალისწინა არც ოჯახის წევრების, არც თქვენი კოლეგების თხოვნა, იქნებ ჩვენი, ტყვეების მშობლების თხოვნა გაითვალისწინოს. გავიმარჯვებთ და ვიზეიმებთ ყველა ერთად, - ამბობს აქციის მონაწილე.
ცნობილია, რომ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა დღევანდელ აქციაზე საქართველოშ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც მიიწვიეს, ამიტომ გამორიცხული არ არის, საპროტესტო მსვლელობას დიპლომატებიც შეუერთდნენ.