ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ PACE-ს რეზოლუცია "კოლექტიური გონჩარენკოების" გადაწყვეტილება იყო
საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ რეზოლუციას ივანიშვილის რეჟიმის პრემიერი თავდასხმით პასუხობს.
ირაკლი კობახიძე კამერების წინ დღესაც ამტკიცებს, რომ დოკუმენტში გაწერილი პუნქტები, რომლითაც PACE აპრილამდე ხელახალი არჩევნების თარიღის ჩანიშვნასა და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, "აბსურდული ჩანაწერებია".
"ეს იყო კოლექტიური "გონჩარენკოების" გადაწყვეტილება. მან მეორე ფრონტის გახსნას ვერ მიაღწია და ახლა ცდილობს, რამენაირად ამის გამო დაგვსაჯოს" - ირწმუნება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მედიასთან.
ხედავთ, რამდენად აბსურდული ჩანაწერები შეიტანეს მათ იმ რეზოლუციაში, რომელიც დამტკიცდა 140 ხმით. ეს იყო კოლექტიური "გონჩარენკოების" გადაწყვეტილება. ზოგადად, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, რომ ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახეა ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ, ამას ვერ მიაღწია და ახლა ცდილობს, რაიმენაირად ამის გამო დაგვსაჯოს.
აქედან გამომდინარე, ასეთი უსამართლობის პირობებში, ასეთი პრობლემების პირობებში, ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭო საპარლამენტო ასამბლეაში აზრი აქვს დაკარგული. მივიღეთ უალტერნატივო გადაწყვეტილება. თუ დასრულდება ის უსამართლობა, ის არასწორი მიდგომა, პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში რასაც ვხედავთ, რა თქმა უნდა, განვაახლებთ მუშაობას. ამ ეტაპზე, ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა კობახიძემ.
114 მომხრე, 13 წინააღმდეგი - საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო. PACE დოკუმენტით მოითხოვს, რომ მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჩაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.
- რა წერია რეზოლუციაში? - ვრცლად იხილეთ მოცემულ ბმულზე.
დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტდა.