ბრიტანული სანქციები - ეკონომისტები მნიშვნელოვნად შავ სიაში ივანიშვილის გარემოცვის მოხვედრასაც მიიჩნევენ
დიდი ბრიტანეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის სამომავლოდ დასაწესებელ სანქციებს ექსპერტები ეკონომიკურ ჭრილში აფასებენ - დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ საჭიროა, შავ სიაში არა მხოლოდ ქართველი ოლიგარქი, არამედ მისი ოჯახის წევრებიც მოექცნენ.
ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, მთავარი დარტყმა იმ აქტივების შეზღუდვა იქნება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად ადარდებს.
თუ სანქცია წესდება ნებისმიერ აქტივზე, რომელიც პირდაპირ ან ირიბად იმ ადამიანს ეკუთვნის, მაშინ ეს სანქცია მიწვდება იმ აქტივებს, რომლებიც მას ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, უნდა რომ გაყინვას გადაარჩინოს და შემოიტანოს უკან საქართველოში. თავად როგორ ზარალდება, რამდენად დისკომფორტი შეექმნება, ეს მნიშვნელოვანი არ არის. უფრო მნიშვნელოვანია, მისი ქონების მასა რისგანაც შედგება, ის აქტივები რას განიცდიან ამ პროცესში და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მისთვის, მათ შორის, მისი ოჯახის წევრების მეშვეობით.
ესეც მნიშვნელოვანია, რამდენად მარტო ფიზიკური პირი, ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდება და არა ვთქვათ ის ახლო წრე მისი გარემოცვის, რომელთაც შეუძლიათ მისთვის როგორც ბენეფიციარისთვის, აქტივები მართონ და მიმართონ გარკვეული საჭიროებებისთვის", - ამბობს დარგის ექსპერტი.
საგარეო ურთიერთობების ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე "პირველებთან" აცხადებს, რომ სანქციების პოლიტიკას დომინოს ეფექტი ექნება - "შტატებსა და ბრიტანეთს სხვა ქვეყნებიც მიყვებიან".
როდესაც ასეთი ქვეყანა, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, აწესებს სანქციებს, ეს სერიოზული სიგნალია სხვა ქვეყნებისთვის. შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და მათ მიყვებიან ხოლმე სხვა ქვეყნებიც. ივანიშვილი არ არის მაგნიტსკის სიაში შეყვანილი, საიდანაც თავის დაღწევის პრეცედენტი ჯერჯერობით არ არსებობს. ივანიშვილის ამერიკულმა სანქციებმა დაუტოვა იმის შესაძლებლობა, რომ სხვა ქმედებების შემთხვევაში, ან შერბილდეს, ან გაუქმდეს და ა.შ." - ამბობს თენგიზ ფხალაძე.