დიპლომატიური სკანდალი - სუსი უცხო ქვეყნების საელჩოების თანამშრომლებსაც უსმენდა - ნოდარ მელაძე

13.09.21 18:46
დიპლომატიური სკანდალი - სუსი უცხო ქვეყნების საელჩოების თანამშრომლებსაც  უსმენდა - ნოდარ მელაძე

,,რადგან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, ვეცდები, სხვა დეტალებიც გითხრათ - ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის, ინფორმაციით, სკანდალური ფაილებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არა მარტო მართლმადიდებლური ეკლესიის, არამედ, სხვა რელიგიური კონფესიისა და უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს უსმენდა.

ჩანაწერები ადამიანებზე შანტაჟის მიზნით იყო გამოყენებული, სუსი თავისი აგენტების მეშვეობით და მხოლოდ ფარული ჩაწერების საშუალებით არ უთვალთვალებდა ეკლესიას. გვარებით და სახელებით ირკვევა, რომ სუს-ს ჰყავს ჩანერგილი სასულიერო პირები, ეკლესიაში მომუშავე ადამიანები, რომლებიც გამოიჭირეს კომპრომატებით და აიძულეს, გამხდარიყვნენ ფარული აგენტები. ინფორმაციის ერთ-ერთი წყაროს ეს ადამიანები წარმოადგენენ. დოკუმენტში ჩამოწერილია სახელები, გვარები, ამთ შორის იმ სასულიერო პირების, ვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გაფორმებული აქვს ეს თანამშრომლობა. 

აქ არ უსმენდნენ მარტო მართლმადიდებლურ ეკლესიას, უსმენდნენ ჟურნალისტებსაც, მათ შორის ჩემს ,,ვოცაფს" ჯერ კიდევ 3 წლის უკან, უსმენდნენ ეკა კვესიტაძესაც.. 

უსმენდნენ სხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებსაც, დოკუმენტებში არის რუსუდან ბოლქვაძის, მალხაზ სონღულაშვილის და სხვათა საუბრების სტენოგრამები, უსმენდნენ დიპლომატებსაც. 

ეს იქნება ნამდვილი დიპლომატიური კატასტროფა, როცა ჩვენი მეგობარი ქვეყნები გაიგებენ, რომ მათი საელჩოების წარმომადგენლებს სუსი უსმენდა - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ინტერნეტსივრცეში საიდუმლო ფაილები გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ატვირთა. მასში მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისა და სხვათა სატელეფონო საუბრების სტენოგრამებია ასახული. 

მსგავსი სიახლეები