რეპრესიული კანონები დიპლომატებისთვის - "ოცნებამ" დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებები შეიტანა
საჯარო სამსახურებში განხორციელებული რეპრესიების შემდეგ, ჯერი დიპლომატიურ სამსახურზე დადგა - "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ბრძანება, რომლითაც დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში ცვლილებები შეიტანა.
ცვლილებების თანახმად, რომელიც 2025 წლის 27 იანვრით თარიღდება და 28 იანვრის შემდეგ მოქმედებს, დიპლომატიურ თანამდებობაზე შესაძლებელი გახდა პირთა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დანიშვნა, რაც დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონს ეწინააღმდეგება.
ამასთან, ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულ მინისტრს უფლებამოსილება შეუწყდება, მაშინ ავტომატურად შეწყდება ამ პოზიციაზე დანიშნული ყველა დიპლომატის კონტრაქტიც.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" მიიჩნევენ, რომ მიღებული ცვლილებები უკანონოა და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების პირდაპირ მექანიზმს წარმოადგენს.
დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში შეტანილი ცვლილები არის ცალსახად რეპრესიული და ამასთანავე, არის უკანონო. ეს ცვლილებები ითვალისწინებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირთა გადაყვანას ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე. არის მსგავსი იმ ცვლილებისა, რომელიც შეტანილი იყო საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და მისი მიზანი არის ცალსახად ის, რომ ამ პოზიციებზე დასაქმებული პირდაპირ დამოკიდებული გახდნენ მინისტრის ნებაზე და გაუქმდეს მათი დამოუკიდებლობის გარანტიები.
ეს ცვლილები განხორციელებული არის მინისტრის ბრძანებით და ეწინააღმდეგება კანონს. მინისტრის ბრძანება იერარქიულად არის უფრო დაბალი დონის ნორმატიული აქტი, შესაბამისად ეს ბრძანება თავიდანვე არის უკანონო. იმ შემთხვევაშიც კი, რომ არ არსებობდეს ეს ფორმალური კანონიერების პრობლემა, ამ შემთხვევაშიც შინაარსიდან გამომდინარე, ეს ცვლილები იქნებოდა რეპრესიული და მათ შორის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო.
მიზანი ამ ცვლილების, ისევე როგორც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების არის ის, რომ განხორციელდეს რეპრესიები საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა მიმართ და ის, რომ წაიშალოს ზღვარი პარტიულ საქმიანობასა და სახელმწიფოს საქმიანობას შორის'', - ამბობს იურისტი.