"მზიას საქმეში სასამართლო და პროკურატურა ივანიშვილის ჯალათებად არიან წარმოდგენილნი" - გოგოლაძე
"მზიას საქმეში სასამართლო და პროკურატურა ივანიშვილის ჯალათებად არიან წარმოდგენილნი" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, ანა გოგოლაძემ "ტვ პირველთან" განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სახალხო დამცველის აპარატი, იუსტიციის სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო გულგრილობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მოშიმშილე ჟურნალისტის საქმეზე მოცემული უწყებები "დანაშაულებრივად დუმან".
შემზარავია ის, რაც ხდება მზია ამაღლობელის თავს. ის უკვე 21-ე დღეა შიმშილობს. გარდა იმისა, რომ პროკურატურა და სასამართლო სისტემა მის პირად საქმეში ივანიშვილის ჯალათებად არიან წარმოდგენილები, ამასთანავე ის უწყებები, რომელთაც პირდაპირი პასუხისმგებლობა აქვთ მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის გადარჩენაზე, ეს არის ომბუდსმენი, იუსტიციის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, დანაშაულებრივად დუმან მზიას საქმეზე'', - ამბობს ანა გოგოლაძე.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, 21-ე დღეა, შიმშილობს.
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.