მადლობა მზია ამაღლობელს, რომ გამოაჩინა ქართველი ქალის გამძლეობა - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

01.02.25 16:30
მადლობა მზია ამაღლობელს, რომ გამოაჩინა ქართველი ქალის გამძლეობა - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოშიმშილე მზია ამაღლობელს გამოჩენილი გამძლეობისთვის მადლობას უხდის. 

ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, გამოცემა "ბათუმელების" ჟურნალისტთან, ეთერ თურაძესთან ინტერვიუში ამბობს, რომ გისოსებს მიღმა გამომწყვდეულმა მზიამ "ქართველი ქალის გამძლეობა და ვაჟკაცობა გამოიჩინა".

მინდა ვთქვა, რომ ჩემი აქ მოსვლის მთავარი მიზანი არის, ის, რომ სამწუხაროდ, ვერ მივალ მასთან [მზია ამაღლობელთან], ვერ ვესტუმრები, მაგრამ მინდა გადავცე თქვენი სახელითა და ზოგადად, საზოგადოების სახელით ღრმა პატივისცემა, რაც დღეს ქვეყანაში მის მიმართ არსებობს, მისი მხნეობის მიმართ და ჩვენი, ყველას სოლიდარობა მას, ამ ძალიან რთულ მომენტში და მადლობას მას.

ვიღაცები, რომ მადლობას მეუბნებიან, არ არის სწორი, რადგან ჩვენ ერთ ბრძოლაში ვართ და ყველა სხვადასხვა ფორმით ბრძოლაში ერთვება, მაგრამ მადლობა [მზია ამაღლობელს] იმისთვის, რომ გამოაჩინა არა მხოლოდ, ჩვენს საზოგადოებაში, არა მედ, საზღვარგარეთაც გამოაჩინა ქართველი ქალის გამძლეობა და ვაჟკაცობა ამ ძალიან რთულ პერიოდში", - თქვა ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, 21-ე დღეა, შიმშილობს.

„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.

მსგავსი სიახლეები