მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტი ზურაბიშვილი საერთაშორისო კამპანიის დაწყების მომხრეა

01.02.25 16:41
მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტი ზურაბიშვილი საერთაშორისო კამპანიის დაწყების მომხრეა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მოშიმშილე მზია ამაღლობელის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების მიზნით საჭირო კვლევების ჩატარებასა და ჟურნალისტის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. 

"ეს არის ვალდებულება, რომ კვლევები ჩატარდეს.  აქ არჩევანი არ არსებობს" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი "ბათუმელებთან" ინტერვიუში. 

ამასთან, გისოსებს მიღმა გამოკეტილი ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო კამპანიის დაწყების მომხრეა.

ყველა მიმართულებით უნდა გავშალოთ მოთხოვნები. ამაში ყველა უნდა ვიყოთ ჩართული. მეც ვცდილობ, რომ ჩემ კონტაქტებს გავაცნო და ამ კამპანიაში ჩავრთო. ეს უნდა იყოს საერთაშორისო კამპანია და ამის საწყისი ეტაპი ჩანს. ეს უთუოდ გაძლიერდება. აქ უნდა მოვითხოვოთ პირველი ზომები, რომელიც აუცილებელია დღეს. 

მე შევხვდი მის ადვოკატებს და გავიგე, რომ არ ტარდება ის კვლევები, რომელიც არის აუცილებელი. ეს უკვე არის ვალდებულება ნებისმიერი სახელმწიფოსი, რომ ჩატარდეს ის კვლევები, რომელიც არის ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელი. აქ არჩევანი არ არსებობს. ეს კვლევები უნდა მოვითხოვოთ. საჭირო არის, რომ კლინიკაში იყოს გადაყვანილი. უთუოდ უნდა იყოს ყველა ის ზომა მიღებული, რათა ადამიანის სიცოცხლე იყოს შენარჩუნებული. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომელსაც ვერ გაექცევა, რაც არ უნდა იზოლაციაში იყოს", - ამბობს ზურაბიშვილი. 

მსგავსი სიახლეები