ევროკავშირმა "ქართული ოცნებისადმი" გაცილებით უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას - მარკეტა გრეგოროვა

02.02.25 13:07
ევროკავშირმა "ქართული ოცნებისადმი" გაცილებით უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას - მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა საქართველოსადმი გაცილებით უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას, ვიდრე ევროსაბჭოში "ოცნების" აკრედიტაციის შეჩერებაა. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა. 

პირადად ჩემი აზრით, ეს სუსტი პოლიტიკური გზავნილი იყო, ვისურვებდი, რომ გაცილებით უფრო მკაცრი ზომები და შეთანხმებული სანქციები მენახა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების და მათგან ევროპული მომავლის წამრთმევი, თუ არჩევნების დამრღვევი პირების წინააღმდეგ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, როგორაა აზრი გაყოფილი ევროსაბჭოში ამ თემასთან დაკავშირებით და რომ არიან ძალები, ვინც მეტად მხარს უჭერს რუსულ გზას, მაგალითად, სლოვაკეთი და უნგრეთი, ეს რაღაც ნაბიჯი მაინცაა. ესაა [ნაბიჯი] დემონსტრანტების და იმ ადამიანების მხარდასაჭერად, ვისაც ევროპული მომავალი უნდა, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მარკეტა გრეროგოვა საქართველოში ახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, ნიკა გვარამიას შემთხვევის გარდა, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა, პოლიტპატიმრების მდგომარეობის შესამსუბუქებლად საქართველოში არაფერი გაკეთებულა. 

არჩევნები უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი სუბიექტის ზედამხედველობის ქვეშ. ეს შეიძლება იყოს სადამკვირვებლო მისიები, ეუთო, ან გაეროც კი, რასაც აირჩევენ. მაგრამ ნათელია, რომ ეს ვერ მოხდება ისევე, როგორც აქამდე, მაშინ უბრალოდ იმავე პოზიციაში აღმოვჩნდებით. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ეს ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ ევროპარლამენტში უამრავი პოლიტპატიმრის შესახებ ვსაუბრობთ, იქნება ეს ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები, თუ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ ამან არსად არ მიგვიყვანა. ერთადერთი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომელმაც საპატიმრო დატოვა, იყო ნიკა გვარამია, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. სხვა შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" არაფერი გაუკეთებია პოლიტპატიმრების მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ასე რომ, ახლა, როდესაც მათ უმრავლესობა აქვთ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აპატიმრებენ, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი მათი მომავლის შესახებ. ამიტომაც ვსაუბრობ ევროკავშირისგან მეტი ზეწოლისა და მიზანმიმართული სანქციების აუცილებლობის შესახებ,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ევროდეპუტატმა ინტერვიუში მზია ამააღლობელის შესახებაც ისაუბრა.

ეს [მზია ამაღლობელის საქმე] მიუთითებს იმაზე, რომ ახლა "ქართულ ოცნებას" ევროპული მომავალი, რომელზეც არჩევნებამდე პრეტენზია ჰქონდათ, არ აქვს. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ მისი [მზია ამაღლობელის] მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და უნდა უზრუნველყონ მისი კეთილდღეობა... იმ შემთხვევაშიც კი, თუ გყავს პოლიტპატიმრები, ძირითადი წესებია, უზრუნველყო ისინი საჭირო სამედიცინო მკურნალობით, ჯანდაცვითა და ყველაფრით. თუ „ქართული ოცნება“ ამას ვერ ახერხებს, ის პოზიციონირებს ბელარუსისა და რუსეთის გვერდით. ეს არის საკმაოდ მკაფიო შეფასება და ძალიან, ძალიან შემაშფოთებელი რამ, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი სიახლეები