"რეჟიმის სადიზმის მორიგი გამოვლინება" - ანა ქავთარაძე გუშინდელ აქციაზე
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ანა ქავთარაძე, რომელსაც გუშინ გამართულ აქციაზე პოლიციამ აგინა და შეურაცხყოფა მიაყენა, თბილისი მოლთან განვითარებულ მოვლენებს "რეჟიმის სადიზმის მორიგ გამოვლინებად" აფასებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ძალოვანები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ ქალებსაც. ქავთარაძე ფიქრობს, რომ ასეთი მითითებებს მათ "ზევიდან" აძლევდნენ.
გუშინდელი დღე იყო რეჟიმის მხრიდან მორიგი სადიზმის გამოვლინება. ყველამ კარგად ვნახეთ, კადრებშიც არის დაფიქსირებული, როგორ მიჰგვარეს, მათ შორის წინა ხელისუფლების დროს სისტემაში მომუშავე ხარებას, რომელიც ძალიან ცნობილი კადრების, „ორი გვამის“ შესახებ კადრებში დგას და დღევანდელ დღეს ის აგრძელებს ახლა უკვე რუსული რეჟიმის მსახურებას და განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან აქციის მონაწილეებს. მიჰგვარეს მას ადამიანები იმისთვის, რომ ეცემათ. ქალებს მიმართავდნენ განსაკუთრებული უზრდელობით. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ ჰქონდათ, უბრალოდ, მითითება პირდაპირი, რომ აქციის მონაწილე ქალებისთვის ეწოდებინათ „ასლარიანები“, „მოსყიდულები“. მბრძანებლების გარეშე ვერასდროს მოქმედებენ. ესენი არიან მოძალადე სულები, რომლებიც აუცილებლად დასრულდებიან მას შემდეგ, რაც დასრულდება რეჟიმი, - ამბობს ანა ქავთარაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილის მოლთან გამართულ აქციაზე პოლიციამ მოულოდნელად დაკავებები დაიწყო. დაკავებულებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები და აქტივისტები.
ტვ პირველის მიერ გუშინ ექსკლუზიურად გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ "თბილისი მოლთან" დაკავებულები პოლიციელებს ზვიად ხარაზიშვილთან მიჰყავთ, "ხარება" კი დაჭერილებს ფიზიკურად უსწორდება.
კადრებში ნათლად ჩანს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოქალაქეს წიხლებს ურტყამს.