"ოცნებამ" საკუთარ საზოგადოებას ომი გამოუცხადა - მარგველაშვილი
"ოცნებამ" საკუთარ საზოგადოებას ომი გამოუცხადა - ასე აფასებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემას, წამებას.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციებზე, მათ შორის, 2 თებერვლას "თბილისი მოლთან" მობილიზებული შსს-ს თანამშრომლები არა პოლიციელები, არამედ ნიღბებს ამოფარებული პირები არიან, რომლებიც მოქალაქეებს თავს ესხმიან.
ეს არ არის პოლიცია, იმიტომ რომ პოლიცია არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც იცავენ მოქალაქეებს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან მოქალაქეებს. მეორე პოლიცია არის ჯგუფი, რომელიც აბსოლუტურად ღიად, აბსოლუტურად საკუთარი პიროვნების დაფიქსირებით ახორციელებს სამართალდამცავ საქმიანობას.
ეს ადამიანები არიან ნიღბებს ამოფარებული ადამიანები, ნიღბებით შეიარაღებულები. მათ ეშინიათ, ეს არის ამოსავალი. ამ ადამიანებს ეშინიათ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მანიშნებელი იმ პოლიტიკური ბალანსის, რომელიც არის საქართველოში. მათ ეშინიათ მომავლის. მათ უნდათ მომავალში, როდესაც ისინი წააგებენ, მიიმალონ და დაემალონ მართლმსაჯულებას... შეიარაღებულმა ჯგუფმა გადალახა რუბიკონი. მათ გამოუცხადეს ბრძოლა, ომი საკუთარ საზოგადოებას. მათ თქვეს, ან თქვენ იქნებით მონები, ან სხვანაირად არ გვაწყობს", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
ცნობისთვის, 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. 2 თებერვალს აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 31 ადამიანი დააკავეს.