"უსირცხვილო"- გენო პეტრიაშვილი პარლამენტში შეძახილების ფონზე შეაცილეს
"სირცხვილი" - ამ შეძახილებით შეაცილეს პარლამენტის შენობაში "ქართული ოცნების" წევრი, გენო პეტრიაშვილი ადგილზე შეკრებილმა ჟურნალისტებმა, რომელიც მოშიმშილე პატიმარს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ლიკა ზაკაშვილი ამბობს, რომ პეტრიაშვილი ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის თანამონაწილეა, რომლის მსხვერპლი "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი გახდა.
"ხელის შემოქნევის გამო, შეურაცხყოფილ მოქალაქეს, რომელიც იქამდე პოლიციელის უსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლი იყო, 4-დან 7 წლამდე ციხეში უშვებენ. წინასწარი პატიმრობაც დაუმსახურებლად შეუფარდეს. ამ უსამართლობის თანამონაწილეა გენო პეტრიაშვილიც და ყველა ადამიანი, ვინც იცის, რომ ჩვენ მართლები ვართ და ხმას არ იღებს"- აცხადებს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, პარლამენტის შენობას საპოლიციო ძალები აკონტროლებენ - ყველა ქუჩაზე ძალოვნები დგანან და ყველა შესასვლელს აკონტროლებენ. მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი და ადგილზე მიიყვანეს სნაიპერებიც. ზუსტად ერთ საათში, არალეგიტიმურ პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა იწყება, რომელსაც ოლიგარქის მიერ პრეზიდენტად დანიშნული კაცი გახსნის. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციაა, იქ მოქალაქეები რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, ადგილზე არიან ჟურნალისტებიც. დღეს მზია ამაღლობელის შიმშილობის 24-ე დღეა.