ადმინისტრაციული ჯარიმები და პატიმრობის ვადა 60 დღემდე იზრდება - „ოცნებამ“ I მოსმენით რეპრესიულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ადმინისტრაციული ჯარიმები და პატიმრობის ვადა 60 დღემდე იზრდება - „ოცნებამ“ პირველი მოსმენით, 80 ხმით დაუჭირა მხარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში რეპრესიულ ცვლილებებს.
ძირითადი ცვლილებები შეეხება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების გამკაცრებას იმ მუხლებზე, რომლებითაც მიმდინარე აქციის მონაწილეებს ყველაზე ხშირად აკავებენ, მათ შორისაა, წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის დაუმორჩილებლობა, პოლიციელზე თავდსხმა, შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევა.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება საჯარო-პოლიტიკური პირის შეურაცხყოფაზე. სისხლის სამართლის დანაშაული ხდება საჯარო-პოლიტიკური პირისადმი მუქარა და საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმა.
ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირეს საარჩევნო კოდექსსა და იარაღის შესახებ კანონშიც.
ცვლილებები ეხება საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის/დანიშვნის კრიტერიუმებს, კომისიის არჩეულ/დანიშნული წევრის უფლებამოსილებას, გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესს და ა.შ.
ცვლილებები I მოსმენით შევიდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მოქმედი ნორმების თანახმად, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები წყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტისას. კანონპროექტით კი ზუსტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შეწყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.
წარმოდგენილი ცვლილებებით კანონში პირდაპირ მიეთითება, რომ ერთადერთი თანამდებობა, რომელზეც ქართული ენის ცოდნის მოთხოვნა პირდაპირ არ გავრცელდება, არიან მრჩევლები, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ჰყავდეს უცხოენოვანი მრჩეველი.
როგორც 3 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები:
- "1. მესაკუთრის წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება, წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობის და შეურაცხყოფისთვის, სასამართლო შესასვლელის ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა სამოც დღემდე.
- 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება
- სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ვხედავთ.
- კერძოდ, ძალადობრივი ქმედებებისთვის საჯარო მოწოდება, აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებებით, ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით, ეს არის უკვე სასჯელი და არა სახდელი. იზრდება სისხლისამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში - 5 წლიდან 6 წლამდე.
- ასევე მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობისთვის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში და ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე იქნება შედარებით მკაცრი სანქცია, როგორც დამამძიმებელ გარემოებაზე.
- სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც, ახალი ნორმა იქნება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც, ასევე ჩვენ არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება, მათ შორის გამკაცრების მიმართულებით" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.