მეგობარი ქვეყნის დიპლომატებთან იმ დიქტატურაზე ვისაუბრეთ, რომელსაც ქვეყანაში ივანიშვილი ამყარებს - ბადრი ჯაფარიძე
მეგობარი ქვეყნის დიპლომატებთან იმ დიქტატურაზე ვისაუბრეთ, რომელსაც ქვეყანაში ივანიშვილი ამყარებს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც იმყოფებოდნენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში კანონი ფეხქვეშ არის გათელილი, პოლიტპატიმრების რიცხვი 60 გადასცდა, ხოლო "ოცნების" პირობებში სტრუქტურები სრულად დიქტატურული გახდა, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ამას ივანიშვილი მიზანმიმართულად აკეთებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორებისგან შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული.
ჩამოყალიბდა დიქტატურა, რომ კანონის უზენაესობა მხოლოდ ფეხვეშ კი არ არის გათელილი, არამედ ხდება ტიპიური დიქტატურული სტრუქტურების ჩამოყალიბება, არის საპოლიციო დიქტატურა, უკვე 60 გადაცდა პოლიტპატიმრების რიცხვი. ჩვენი მეგობარი ქვეყნის დიპლომატებთან ამაზე იყო საუბარი, ისინი ინფორმირებულები არიან, მათი დედაქალაქები ინფორმირებულები არიან. რა თქმა უნდა, ევროკავშირისგან ჩვენ უნდა ველოდოთ შესაბამის ნაბიჯებს, იმიტომ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და დიქტატურა არის შეუთავსებელია. რაც მთავარია, ზოგადად, უნდა გვესმოდეს, საპოლიციო დიქტატურა, რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილმა და ყველა ის სიკეთე, რომელიც არის ევროკავშირის გზაზე მყოფი ქვეყნისგან, შეუთავსებელია და ამას შეგნებულად აკეთებს „ქართული ოცნება“, რომ ჩვენს ქვეყანას დააკარგვინოს ის პრივილეგიები, ის სიკეთეები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჩვენი ხალხის ბრძოლის შედეგად, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.