დათუნაშვილი: ივანიშვილის პროვინციული ავტოკრატია ქვეყანას გარდაუვალი უფსკრულისკენ მიაქანებს - 2025 წლის მეორე კვარტლიდან საშიში ეკონომიკური ტენდენციებია მოსალოდნელი
საქართველოში ეკონომიკური დაღმასვლის პირველადი ხილული და ძალიან სახიფათო ინდიკატორები გააქტიურდა, რაც საშუალო ვადაში, სავალალო შედეგების მომტანი შეიძლება იყოს - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს რისკები არნახულად გაიზარდა მას შემდეგ რაც ეროვნულმა ბანკმა დაკარგა დამოუკიდებლობა და აგრეთვე უმაღლესი თანამდებობის პირები აშშ-ს და სხვა განვითარებული ქვეყნების სანქციების სიაში მოხვდნენ.
კონკრეტულად კი ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ ფაქტორებს:
- ისტორიულ მინიმუმზეა დაყვანილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. 2024 წელს, არასრული მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 14 წლის ისტორიულ მინიმუმზეა. თუ არ ჩავთვლით კოვიდ პამდემიას. 966 მილიონი დოლარი. საქართველოში არც ახალი ინვესტიცია არ შემოდის და ფაქტიურად არც რეინვესტირება აღარ იზრდება.
- ქვეყანაში თვალს ვადევნებთ მოხმარების მკვეთრ შემცირებას, რაც განპირობებულია პოლიტიკური კრიზისით და კორუფციულ-ავტოკრატიული გარემოთი. საქართელოს მოქალაქეები უფრთხილდებიან პირად დანაზოგებს და არ ხარჯავენ ფულს.
- უძრავი ქონების ბაზარზე მკვეთრი ვარდნაა გაყიდვების კუთხით, უკვე ნახევა წელზე მეტია, რაც ასევე პირველადი სიმპტომია კრიზისისა.
- საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში შემოსავლების სამსახურმა 1% ნაკლები დღგ აკრიფა ვიდრე წინა წლის იგივე პერიოდთან. დამატებითი ღირებულების გადასახადში ეს შმცირება რეცესიის კლასიკური სიმპტომია. მაშინ როცა ნომინალური ეკონომიკური ზრდა 9,6%-ს შეადგენდა.
- უცვლელი რჩება რეფინანსირების განაკვეთი და ზოგადად ეროვნული ბანკის რეპუტაცია უბრალოდ ჩამონგრეულია. გლობალ ფაინენსმა თურნავა შეაფასა როგორც ყველაზე ცუდი ცენტრალური ბანკის მმართველი ევროპაში.
- ამ და სხვა ფაქტორებს ემატება მკვეთრი კლება რუსეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებში, 2024 წელს ეს გზავნილები 65% შემცირდა და 541 მილიონი შეადგინა, მაშინ როცა 2022 წელს რუსეთიდან 2 მილიარდი შემოვიდა, ხოლო 2023 წელს 1,5 მილიარდი. ეს პირდაპირ ნიშნავს რომ ის დროებითი ეფექტი, რუსეთ-უკრაინის ომისა, რომელსაც ეჭირა კიდევ ეკონომიკა, აგრეთვე დასრულდა და ჩამოიშალა.
მთავარი კითხვა არის თუ როგორ ცხოვრობს ხალხი 12 წლის რეჟიმის ბოლოს უკეთ თუ უარესად?
ივანიშვილის პროვინციული ავტოკრატია მიაქანებს ამ ქვეყანას და ჩვენს თანამოქალაქეებს გარდაუვალი უფსკრულისკენ და დიდი ალბათობით 2025 წლის მეორე კვარტალიდან საშიში ეკონომიკური ტენდენციებია მოსალოდნელი, თანაც იმ პერსპექტივით რომ, მთელი ქართული სახელისუფლებო პლასტი და ოლიგარქატის წევრი ბიზნესმენებიც დამატებით სანქციების ქვეშ მოყოლის რისკით ცხოვრობენ. ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ახალი არჩევნები"- თქვა პოლიტიოსმა.