დასანქცირდეს ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე, პაპუაშვილი - ევროპარლამენტარები კაია კალას წერილს უგზავნიან
ევროპარლამენტარები კაია კალას წერილს უგზავნიან - მიმართვით, რომელიც, სავარაუდოდ, დღეს უნდა დამტკიცდეს, ევროპელი დეპუტატები სვამენ კითხვას: რატომ არ სრულდება ის რეზოლუციები, რომელიც ოლიგარქის შესაკავებლად არის მიღებული.
დოკუმენტში, რომელსაც ხელს 25-მდე ევროპელი პოლიტიკოსი აწერს, მოთხოვნილია, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მოკვლის გამო, როგორც ბიძინა ივანიშვილს, ასევე ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს და შალვა პაპუაშვილს სანქციები დაუწესონ.
წერილში ასევე ხაზგასმულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შედეგები არ უნდა იქნას აღიარებული და ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს ცნობილი.
ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაცია და ახალი რეპრესიული კანონები მოქალაქეების დასაშინებლად პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.
ევროკავშირის რეაქცია არის ძალიან ნელი. რა თქმა უნდა, ჩვენ მიზეზი ვიცით. ევროკავშირის შიგნით პრორუსული აქტივებიც არიან, როგორიც არის უნგრეთი და სლოვაკეთი. ისინი ბლოკავენ სანქციებს. ინდივიდუალურად წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ტარგეტირებული სანქციები დაუწესონ კონკრეტულ პირებს, მაგალითად, არ შეეძლოთ ქვეყნებში მოგზაურობა.
ისევ არსებობს შენგენის ზონა. თუ ისინი კონკრეტულ ქვეყნებში ვერ შეძლებენ შესვლას, მათ სხვადასხვა გზებით მაინც შეეძლებათ ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება. ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და საერთო მიდგომა უნდა გვქონდეს. სხვა შემთხვევაში ვერ შევძლებთ საქართველოს დახმარებას.
და ახლა ამას ვერ ვახერხეთ პრორუსული ძალების გამო. რადგან ევროკავშირი არ არის ისეთი ერთიანი, როგორიც უნდა იყოს. კონკრეტული ნაბიჯი ევროკომისიის მხრიდან გადაიდგა დიპლომატიური პასპორტებისთვის, რაც არის პოლიტიკური სიგნალი. მაგრამ, როდესაც გვესმის ქართული ოცნების მიერ ახალი რეპრესიული კანონების შემოღების შესახებ დემონსტრანტების წინააღმდეგ, ვფიქრობ, უნდა იყოს უფრო მეტი, უნდა იყოს სანქციები და ვცდილობთ ამას ბიძგი მივცეთ.
ვხედავ, რომ ევროკომისია მუშაობს ამ მიმართულებით. ევროპულ საბჭოსთან აქვთ მოლაპარაკებები. ცდილობენ სხვა სახელმწიფოებზე ზეგავლენა მოახდინონ და ცდილობენ საქართველო პრიორიტეტული გახადონ. ევროკავშირში სამი ინსტიტუციაა. ევროპარლამენტი, კომისია და ევროპული საბჭო. თუ რომელიმე ინსტიტუტისგან არის ზეწოლა, ეს დაეხმარება პროცესის აქსელერაციას.
თუ პარლამენტი მოუწოდებს კაია კალას და მოთხოვნებს ვაყენებთ, ამის იგნორირებას ვერ შეძლებენ. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ სანქციებს. საბჭო ფიქრობს, რომ მათ უკვე რაღაც გააკეთეს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მათგან. ამის მიღწევას შევეცდებით სტრასბურგში და მომავალი კვირების განმავლობაში." - ამბობს მარკეტა გრეგოროვა.