სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენთ, რომ რუსეთთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლის შესახებ თანხმობა დგება და ამის ნაწილი საქართველო არ არის - ხიდაშელი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიწვევის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი კომენტარს აკეთებს.
თინა ხიდაშელი "პირველებთან" ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" რეალობა, სადაც ხელს არავინ აღარ ართმევს და მსოფლიო დონის შეხვედრებზე არავინ ეპატიჟება, თავად შექმნა.
თინა ხიდაშელის შეფასებით, "ყველაზე უარეს სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა", რომ საქართველო არ იქნებოდა იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც სავარაუდოა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის შესახებ უნდა შედგეს.
თავისთავად შეუძლებელია, რომ კმაყოფილების განცდა გქონდეს, როდესაც ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სახელმწიფოს პირველი პირები ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არ იქნებიან. მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც შექმნა "ქართულმა ოცნებამ", რომ არსად აღარ იწვევენ, არსად ხელს არ ართმევენ და დისკუსიებში მათი თანამონაწილეობა, კონტრიბუცია აღარ არის არავისთვის საინტერესო.
ჩვენ ყველაზე უფრო უარეს სიზმარშიც კი ვერ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ვითარება, როდესაც რუსეთთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლის შესახებ რაიმე თანხმობა დგება და ამ თანხმობის ნაწილი არ არის საქართველო და ეს ეხება უკრაინას.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინასთან დაკავშირებით შედგება ასეთი თანხმობა, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ევროპაში მშვიდობისთვის, რომ ამ თანხმობის ნაწილი იყოს საქართველო.
20 იანვრის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მაღალი დონის წარმომადგენლები იქნებიან ევროპაში და ეს კომუნიკაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი", - ამბობს თინა ხიდაშელი.
"პირველების" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ ორმხრივი შეხვედრები ექნება, არამედ ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას.
წინასწარი ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩასვლას ელოდებიან. არის მოლოდინი, რომ მიუნხენში შემდეგ შაბათ-კვირას მსოფლიოს დიდი პოლიტიკური კრიზისის და რუსეთ-უკრაინის ომის ბედი უნდა გადაწყდეს.
მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს "ქართული ოცნების" რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ამ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს.
საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმია მოქცეული, სალომე ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად, რომელსაც დასავლური სამყარო აღიარებს.