"ის, რომ თეირანის და პეკინის გარდა კობახიძეს არსად ელიან, კრახის საუკეთესო გამოხატულებაა" - გეგელია
მიუნხენის კონფერენციაზე "ქართული ოცნების" არცერთი წევრის არ მიწვევის ფაქტს კოალიცია "ძლიერ საქართველოში" ცივილური სამყაროს მიერ ივანიშვილის რეჟიმის იზოლაციაში მოქცევის დასტურად აფასებენ.
"ის, რომ თეირანის და პეკინის გარდა კობახიძეს არსად ელიან, არის საუკეთესო გამოხატულება კრახისა, რასაც საგარეო პოლიტიკა განიცდის" - ამბობს გრიგოლ გეგელია "პირველებთან".
ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, რომ საქართველოს ე.წ. აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს თვითმარქვია კრიმინალური ბანდფორმირება არის სრულიად იზოლირებული საერთაშორისო სამყაროს მიერ.
მათ არ იწვევენ არცერთ ღონისძიებაზე, არ ელიან არცერთ სახელმწიფოში და მათთან გაწყვეტილია სრულად ორმხრივი სტრატეგიული და მაღალი დონის კავშირები. ის, რომ თეირანის და პეკინის გარდა საქართველოს ე.წ. პრემიერს არსად არ ელიან, არის საუკეთესო გამოხატულება კრახისა, რასაც საგარეო პოლიტიკა განიცდის ამ თვითმარქვია ხელისუფლების პირობებში." - ამბობს გრიგოლ გეგელია.
"პირველების" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ ორმხრივი შეხვედრები ექნება, არამედ ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას.
წინასწარი ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩასვლას ელოდებიან. არის მოლოდინი, რომ მიუნხენში შემდეგ შაბათ-კვირას მსოფლიოს დიდი პოლიტიკური კრიზისის და რუსეთ-უკრაინის ომის ბედი უნდა გადაწყდეს.
მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს "ქართული ოცნების" რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ამ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს.
საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმია მოქცეული, სალომე ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად, რომელსაც დასავლური სამყარო აღიარებს.