როგორ მოასწრო ყაველაშვილმა რამდენიმე საათში ათობით კანონპროექტის გაცნობა - მათიკაშვილი კითხვას "სპეკულაციურს" უწოდებს

07.02.25 13:46
როგორ მოასწრო ყაველაშვილმა რამდენიმე საათში ათობით კანონპროექტის გაცნობა - მათიკაშვილი კითხვას "სპეკულაციურს" უწოდებს

როგორ მოასწრო მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე საათში ათობით კანონპროექტის გაცნობა, რომელსაც ხელი მოაწერა? - ამ კითხვით მიმართა "პირველებმა" "ოცნების" დეპუტატს დავით მათიკაშვილს. ივანიშვილის გუნდის წევრმა კითხვას "სპეკულაციური" უწოდა და მხოლოდ ის თქვა, რომ აღნიშნული კანონპროექტები "დანაშაულების" პრევენციას ემსახურება. დეპუტატის მტკიცებით, ყველა კანონპროექტი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით იქნა შემუშავებული. 

ყველა ცვლილება ემსახურება ეფექტური მექანიზმების სრულყოფას სახელმწიფოსთვის იქნეს პრევენციულად თავიდან არიდებული ის საფრთხეები, რომელსაც დესტრუქცია და სამართალდარღვევაზე ორიენტირებული მცირე ჯგუფი ადამიანებისა ცდილობს უკვე დიდი ხანია. ეს არის ეფექტური მექანიზმი, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით. დანარჩენი არის სპეკულაცია და მე, რა თქმა უნდა, მაგ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ, - ამბობს მათიკაშვილი.

"ოცნების" პარლამენტის მიღებულ რეპრესიულ კანონპროექტებს ოლიგარქის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა. საუბარია 10-მდე კანონზე, რომელიც "ოცნებამ" 2 დღეში სამი მოსმენით მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ კენჭის ყრის დასრულების შემდეგ, რომელიც გუშინ საღამოს დაახლოებით 19:00 საათზე დასრულდა, მიხეილ ყაველაშვილს კანონპროექტების გასაცნობად და ხელის მოსაწერად სულ რამდენიმე საათი დასჭირდა. 

ერთპარტიულმა პარლამენტმა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებსა და შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებები სამი მოსმენით მიიღო.

შესწორებები შეკრება-მანიფესტაციების კანონის მე-9, მე-11 და მე-11 პრიმა მუხლის დარღვევისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებს  შეეხო.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რომელიც გულისხმობს ადმინისტრაციული შენობების, გზების და მაგისტრალების ბლოკირებას ან შეკრებებზე ძალადობისკენ მოწოდებას, აკრძალული ნივთების ქონას, გზის გადაკეტვას, პირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო 5000-ლარიანი ჯარიმა საგნის კონფისკაციით, ორგანიზატორის შემთხვევაში – 15 000 ლარის ჯარიმა. ახალი ცვლილებით, ჯარიმა იქნება 5000 ლარი ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორის შემთხვევაში კი – 15 000 ლარი ჯარიმა და 20 დღემდე პატიმრობა. ქმედების განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე, ნაცვლად კანონპროექტის პირველ ვერსიაში შემოთავაზებული 20 დღისა.ორგანიზატორის შემთხვევაში განისაზღვრა 60-დღიანი პატიმრობა.

აქციაზე სახის დაფარვის და ლაზერის ტარების აკრძალვის დარღვევა, თავდაპირველად, პატიმრობას არ ითვალისწინებდა, ცვლილებით კი გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ან 7 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.