გადარჩება საქართველოს ჩრდილოვანი დესპოტი? - The Economist საქართველოზე სტატიას აქვეყნებს
გავლენიანი ყოველკვირეული გამოცემა The Economist საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით “გადარჩება საქართველოს ჩრდილოვანი დესპოტი?”(Can Georgia’s shadowy despot survive?). სტატია საქართველოს შიდაპოლიტიკური კრიზისის ანალიზს წარმოადგენეს და ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე.
სტატიის სრულ თარგმანს გამოცემა “ჯემნიუსი“ ავტორის ნებართვით ავრცელებს.
სტატიაში საუბარია ქართველი ხალხის ბრძოლაზე ივანიშვილის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ასევე იმაზე, რომ ივანიშვილმა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად დასავლურ კურსს გადაუხვია, თუმცა მოსახლეობის პროტესტი და ასევე ეკონომიკური ფაქტორები მის მმართველობას რისკის ქვეშ აყენებს. საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება პროტესტის სიმტკიცესა და დასავლეთის რეაქციაზე, აღნიშნულია სტატიაში.
სტატია ივანიშვილს ფარულ მმართველად წარმოაჩენს, რომელიც ქვეყანას კულისებიდან მართავს და საკუთარ პირად ფეოდალურ ტერიტორიად აღიქვამს. ის პირადად აკონტროლებს სასამართლო სისტემას, სამთავრობო მედიას, უსაფრთხოების სტრუქტურებს.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ და ევროპარლამენტში მისი სანქციების განხილვამ ივანიშვილში საფრთხის განცდა გააჩინა, რასაც მოჰყვა ანტიდასავლური კამპანია, რეპრესიული კანონების მიღება და დემონსტრაციების დარბევა.
სტატიის ავტორი განსაკუთრებით აღნიშნავს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შიმშილობას.
თუმცა, დასავლეთისთვის ზურგის შექცევა ივანიშვილისთვის არ იქნება ადვილი, მიიჩნევს ავტორი, რადგან ეკონომიკური კრიზისისა და საერთაშორისო იზოლაციის რისკს ქმნის და ამ საფრთხეს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესწრეებიც აცნობიერებენ.
სანქციების პერსპექტივა და შიდა დაპირისპირების საფრთხე ივანიშვილს უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე აყენებს. “ქართულ ოცნებას” იმედი აქვს, რომ ხალხი დაშინდება და დაიღლება, ხოლო დასავლეთი – უუნარო აღმოჩნდება ივანიშვილის შესაჩერებლად.
“ეს არის დრამა, რომლის ფინალი ჯერ უცნობია. მაგრამ შესაძლოა, სცენარი მოულოდნელად შემოტრიალდეს,” – წერს ავტორი.
მისი აზრით, შესაძლოა, სწორედ ახალგაზრდების შეუპოვრობამ, ბიზნესის ინტერესებმა და საერთაშორისო წნეხმა ძალაუფლების პირამიდა საბოლოოდ შეარყიოს, აღნიშნულია სტატიაში.
ვრცლად სტატია იხილეთ ბმულზე: