"ივანიშვილის რეჟიმი სრულ იზოლაციაშია ყველგან, სადაც შესაძლოა საქართველოს უსაფრთხოების საკითხი განიხილებოდეს - ბოკუჩავა

07.02.25 13:59
"ივანიშვილის რეჟიმი სრულ იზოლაციაშია ყველგან, სადაც შესაძლოა საქართველოს უსაფრთხოების საკითხი განიხილებოდეს - ბოკუჩავა

"ივანიშვილის რეჟიმი სრულ იზოლაციაშია ყველგან, სადაც შესაძლოა საქართველოს უსაფრთხოების საკითი განიხილებოდეს" - ამის შესახებ"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის"
ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა აცხადებს და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე "ქართული ოცნების" არცერთი წევრის მიწვევის ფაქტს ეხმაურება. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ორმხრივ შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა ქართველი ხალხის სახელით უმნიშვნელოვანესია. 

მნიშვნელოვანია, რომ იქ იქნება საქართველოს სახელით წარმოდგენილი პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რაც ცხადყოფს იმას, რომ დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს გვაქვს მუდმივად მიწვევა სხვადასხვა უმაღლესი მნიშვნელობის საერთაშორისო ფორუმებზე, იქნება ეს უსაფრთხოების ფორუმი, ვაშინგტონი, ინაუგურაცია თუ სხვა. 

ივანიშვილის რეჟიმი არის სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ვაშინგტონში, ევროპაში და ყველგან, სადაც შეიძლება განიხილებოდეს საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური კეთილდღეობის, გეოპოლიტიკური სტაბილურობის და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხები", - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

"პირველების" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ ორმხრივი შეხვედრები ექნება, არამედ ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას.

წინასწარი ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩასვლას ელოდებიან. არის მოლოდინი, რომ მიუნხენში შემდეგ შაბათ-კვირას მსოფლიოს დიდი პოლიტიკური კრიზისის და რუსეთ-უკრაინის ომის ბედი უნდა გადაწყდეს.

მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს "ქართული ოცნების" რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ამ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს. 

საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმია მოქცეული, სალომე ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად, რომელსაც დასავლური სამყარო აღიარებს.