"ოცნების" გუნდის წევრი ადასტურებს, რომ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტები რეპრესიულია
"ოცნების" გუნდის წევრი ლევან მახაშვილი ადასტურებს, რომ ცვლილებები, რომელიც ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსებში შეიტანოს, რეპრესიულია. მახაშვილის მტკიცებით, ამის მიზანი ძალადობის პრევენციაა. მისი თქმით, "ოცნება" ცდილობს ისეთი მექანიზმები შექმნას, რომელიც მათ "ახალ-ახალ პრობლემებს" თავიდან აარიდებს.
ვაანალიზებთ იმ პრობლემებს, რაც არის საზოგადოებაში და ვცდილობთ, ისეთი მექანიზმები შემოვიტანოთ, რომელიც თავიდან აგვარიდებს ყველანარი ახალ-ახალ პრობლემებს და ეს კანონმდებლობაც, მათ შორის, გათვლილია იმაზე, რომ პრევენცია მოხდეს ყოველგვარი ძალადობის. საერთო ჯამში, ძალადობის 100%-იანი პრევენცია ვერცერთ საზოგადოებაში ვერ ხდება, მაგრამ მთავარი არსი კანონმდებლობის არის ის, რომ მოხდეს დანაშაულების პრევენცია. თავისი არსით, ზოგადად, კანონები არის რეპრესიული, ლოგიკურია, იმიტომ, რომ შეაკავოს ადამიანები გარკვეული ტიპის დანაშაულების ჩადენისგან, - ამბობს ლევან მახაშვილი.
"ოცნების" პარლამენტის მიღებულ რეპრესიულ კანონპროექტებს ოლიგარქის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა. საუბარია 10-მდე კანონზე, რომელიც "ოცნებამ" 2 დღეში სამი მოსმენით მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კენჭის ყრის დასრულების შემდეგ, რომელიც გუშინ საღამოს დაახლოებით 19:00 საათზე დასრულდა, მიხეილ ყაველაშვილს კანონპროექტების გასაცნობად და ხელის მოსაწერად სულ რამდენიმე საათი დასჭირდა.
ერთპარტიულმა პარლამენტმა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებსა და შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებები სამი მოსმენით მიიღო.
შესწორებები შეკრება-მანიფესტაციების კანონის მე-9, მე-11 და მე-11 პრიმა მუხლის დარღვევისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებს შეეხო.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რომელიც გულისხმობს ადმინისტრაციული შენობების, გზების და მაგისტრალების ბლოკირებას ან შეკრებებზე ძალადობისკენ მოწოდებას, აკრძალული ნივთების ქონას, გზის გადაკეტვას, პირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო 5000-ლარიანი ჯარიმა საგნის კონფისკაციით, ორგანიზატორის შემთხვევაში – 15 000 ლარის ჯარიმა. ახალი ცვლილებით, ჯარიმა იქნება 5000 ლარი ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორის შემთხვევაში კი – 15 000 ლარი ჯარიმა და 20 დღემდე პატიმრობა. ქმედების განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე, ნაცვლად კანონპროექტის პირველ ვერსიაში შემოთავაზებული 20 დღისა.ორგანიზატორის შემთხვევაში განისაზღვრა 60-დღიანი პატიმრობა.
აქციაზე სახის დაფარვის და ლაზერის ტარების აკრძალვის დარღვევა, თავდაპირველად, პატიმრობას არ ითვალისწინებდა, ცვლილებით კი გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ან 7 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.