პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის განცხადებები საქართველოს შესახებ "დაუსაბუთებელი ბრალდებებია"

08.02.25 12:51
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის განცხადებები საქართველოს შესახებ "დაუსაბუთებელი ბრალდებებია"

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც "ქართულ ოცნებას" დაშინების ტაქტიკისა და ძალადობრივი ქმედებების განხორციელებაში ადანაშაულებენ, თავს ესხმის და ამტკიცებს, რომ EU-ს განცხადებები დაუსაბუთებელი ბრალდებებია".

გამაოგნებელია, რომ ნაცვლად შეცდომების აღიარებისა, ძალადობრივი აქციების დაგმობისა და ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) ფინანსების გასაჯაროებისა, გვესმის არაინფორმირებული და დაუსაბუთებელი ბრალდებები საქართველოს მიმართ.

და ფარისევლობაა, როდესაც ინსტიტუციები, რომლებიც თავად არ აღიარებენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშს, მოგვიწოდებენ კანონებზე ეუთო/ოდირის მომავალი ანგარიშების გათვალისწინებისკენ“, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის ჩასახშობად დაშინების ტაქტიკასა და ძალადობას მიმართა - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსი განცხადებაშია ნათქვამი. 

ევროპელი პოლიტიკოსები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავიანთი ფუნდამენტური უფლებების განხორციელების გამო დევნის სამიზნე გახდნენ.

კაია კალასი და მარტა კოსი ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტონ ძალადობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ და დაუყოვნებლივ გაათავსიუფლონ უკანონოდ დაკავებულები.