კობახიძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელის წარმომადგენლებს იქამდე არ შეხვდება, სანამ ისინი სინანულს არ გამოხატავენ

08.02.25 13:13
კობახიძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელის წარმომადგენლებს იქამდე არ შეხვდება, სანამ ისინი სინანულს არ გამოხატავენ

ივანიშვილის რეჟიმის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გისოსებს მიღმა გამოკეტილი გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის წარმომადგენლებს იქამდე არ შეხვდება, სანამ მოშიმშილე ჟურნალისტი და მისი გარემოცვა სინანულს არ გამოხატავენ. 

სამართლებრივ შეფასებაში ვერ შევალ. შემიძლია საერთო შეფასება გავაკეთო იმ სამართალდარღვევისა, რომელიც ჩადენილ იქნა. არ შეიძლება ვიღაცამ სცადოს ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოზე, სახელმწიფოს წარმადგენელზე. ამას სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება სჭირდებოდა - მთავარი პრობლემაა, რომ ვერ ვხედავთ ვერავითარ სინანულს. რაც შეეხება მზია ამაღლობელის კოლეგებთან შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც მოვისმინეთ, მაგრამ არანაირი სინანული! მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა. ეს საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა, მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე, სამართლებრივი საკითხები სასამართლოში და პროკურატურაში უნდა გაირჩეს.

ვინმეს თუ უნდა გამოხატოს სინანული, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი იქნება და სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება. ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე და შეხვედრებზე. მაგრამ, როდესაც სინანულს არ გამოხატავენ და ასეთი სამართალდარღვევების წახალისებას ცდილობენ, ეს უკიდურესად მიუღებელია და ამის მიმართ ლოიალურები ვერ ვიქნებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ყოფნისას.