გამკაცრებული კანონების არ გვეშინია, არ ვნებდებით! - ნინო ლეჟავა დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციებზე

09.02.25 11:16
გამკაცრებული კანონების არ გვეშინია, არ ვნებდებით! - ნინო ლეჟავა დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციებზე

რეჟიმის მცდელობების მიუხედავად, ჩაახშოს პროტესტი, მოქალაქეები გაჩერებას არ აპირებენ. პიანისტი ნინო ლეჟავა ამბობს, რომ უახლოეს მომავალში რამდენიმე ფართომასშტაბიანი აქციაა დაანონსებული. მისი თქმით, 15 თებერვალს საპროტესტო მარში სახელწოდებით "არა დიქტატურას!", ხოლო 18 თებერვალს, ივანიშვილის დაბადების დღეზე კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი აქციაა დაგეგმილი. 

"ჩვენ არ ვნებდებით!", - ამბობს ხელოვანი. 

ჩვენ არ გვეშინია გამკაცრებული კანონების და ჩვენ ვიცით, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის. 15 თებერვალს ტარდება ფართომასშტაბიანი მარში „არა რუსულ დიქტატურას“, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში, ეს არის რუსული რეჟიმის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში. ხოლო, 18 თებერვალს, ბევრმა იცის ალბათ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ როგორც ბიძინა ივანიშვილს, ისე „ქართულ ოცნებას“, ჩვენს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ ვნებდებით, - ამბობს ნინო ლეჟავა.

უწყვეტი პროტესტის 73-ე ღამეს რეჟიმს ნერვებმა კიდევ ერთხელ უმტყუნა. გზის გადაკეტვით გაღიზიანებულმა ოლიგაქმა საპოლიციო ძალების სრული მობილიზაცია გამოაცხადა. რუსთველის გამზირზე ნიღბიანები და დაკავების მანქანები გაიყვანეს. ძალის გამოყენებით და სიტყვიერი შეურაცხყოფით აიძულეს მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება.