როდესაც სპეცრაზმი ადამიანებს ძვლებში ამტვრევს და ამის გამოძიება არ ხდება, სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს - HRW

09.02.25 12:40
როდესაც სპეცრაზმი ადამიანებს ძვლებში ამტვრევს და ამის გამოძიება არ ხდება, სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს - HRW

 

"ოცნების" ხელისუფლებამ ყველა ზღვარი გადაკვეთა" - ასე აფასებს HRW-ის ცენტრალური აზიისა და ევროპის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილეს რეიჩელ დემბერს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს. დემბერი "ამერიკის ხმასთვის" მიცემულ ინტერვიუში "ოცნებას" აქციის მონაწილეების სასტიკი ცემის გამო და ამ საქმეების გამოუძიებლობის გამო აკრიტიკებს. 

გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი მზია ამაღლობელის შესახებაც საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ჟურნალისტ ივანიშვილის გუნდი მისი კრიტიკული პოზიციის გამო სჯის. 

ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება. ძალიან ბევრს ამბობს ის, რომ ერთის მხრივ, პოლიციის მიერ უამრავი ნაცემი ადამიანი გვყავს და ამის ვიდეო ჩანაწერები თუ მოწმეები არსებობს, როდესაც სპეცრაზმი ხალხს ძვლების დამტვრემადე სცემს ამ ყველაფრის გამოძიება არ ხდება, არანაირი ნაბიჯი არ იდგმევა, დაგმობა არ ხდება, არაფერი ისეთი, რომ ოფიციალური პირები მიხვდნენ, რომ ეს პრობლემაა. მეორეს მხრივ კი არსებობს მზია ამაღლობელის საქმე, როდესაც აშკარა იყო შეხლა-შემოხლა, იყო უამრავი ხალხი და როდესაც ის დაკავების ადგილს ტოვებდა, დამაბნეველი სიტუაცია იყო და რაღაც მოხდა. და უეცრად, ყველას სამართალდამცავი უწყების ძალისხმევა იმ ერთი ადამიანის დასასჯელადაა მობილიზებული, რომელიც ჟურნალისტია და ცნობილია თავისი კრიტიკულობით. ამაზე ხარჯავთ საგამოძიებო ძალებს? მართლა? ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. მათ მთელი თავისი რესურსი დახარჯეს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ. სრულიად ნათელია, რომ ისინი ასე ენერგიულად მის წინააღმდეგ მესიჯის გასაგზავნად მიდიან. ამ დროს არსებობს უამრავი ვიდეო ჩანაწერი და მტკიცებულება ადამიანებზე ძალადობის, მათი ძვლების დამტვრევის, პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებისა და ამ მიმართულებით სრულიად არაფერს აკეთებენ, - ამბობს რეიჩელ დემბერი.