"არ ვიცი, სად ჰყავთ" - ლევან გოგიჩაიშვილის ადგილსამყოფელი უცნობია
რუსთაველის გამზირზე დაკავებული ლევან გოგიჩაიშვილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია - მისი მეუღლე, ვიკა ბუკია "პირველებთან" ამბობს, რომ არავინ დაკავშირებია და არ ფლობს ინფორმაციას, თუ რომელ იზოლატორში გადაიყვანეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
ჟურნალისტს პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის დაპატიმრება ბიძინა ივანიშვილის მიერ "ტვ იმედის" ეთერში გაჟღერებული მუქარის აღსრულებად მიაჩნია.
ლევანი დააკავეს და ამის მოლოდინი მე მქონდა. არ ვიცი, სად ჰყავთ გადაყვანილი. იმიტომ დააკავეს, რომ ლევან გოგიჩაიშვილია, იმიტომ დააკავეს, რომ ოპოზიციური პარტიის წევრია, იმიტომ დააკავეს, რომ ივანიშვილმა თქვა თავის დროზე, ამ პარტიის წევრებს ემუქრებოდა. იმიტომ დააკავეს, რომ უნდა დაეკავებინათ ასეთი არის რეჟიმის ბრძანება, ასეთია ივანაშვილის სურვილი.
ეს ყველაფერი უაზრობაა, რუსთაველი მაინც გადაკეტილია. ლევანიც ამას იტყოდა აქ რომ იყოს. მისი ბრძოლის არც ხარისხი იცვლება, არც ამ ადამიანების ბრძოლა იცვლება, პირიქით, უფრო მოიმატებს და ამ ნანგრევებში თავად ივანიშვილი მოჰყვება აუცილებლად. მე არ ვიცი სად ჰყავთ, არავინ არ დამკავშირებია. მისი ტელეფონზე ვრეკავ, გადის და არავინ იღებს. უზნეო, უმორალო, ასეთ ხელისუფლება გვყავს ჩვენ. ეს არავის არ აშინებს", - ამბობს ვიკა ბუკია.
რუსთაველის გამზირზე ხმაური იყო - ადგილზე შეკრებილი ევროპული მომავლის მცველები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველები მოქალაქეებს ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
პოლიციელებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაკავებების სერიაც განაახლეს. მათ ხელბორკილები, სავარაუდოდ, ოთხ ადამიანს დაადეს.
დაზუსტებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილია. იგი პოლიციამ დაკავების მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენა.