"ლევანი გააგრძელებს ბრძოლას რეჟიმთან, "ოცნების" მაშველი რგოლი ძალადობაა" - გახარიას პირველი კომენტარი გოგიჩაიშვილის დაკავებაზე
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ლევან გოგიჩაიშვილის დაკავების ფაქტზე პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია პირველ კომენტარს აკეთებს.
ყოფილი პრემიერი მედიასთან ამბობს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის ძალისმიერი მეთოდებით ხელბორკილების დადება "ქართული ოცნების" შეშინებულ და უსუსურ სახეს აჩევენებს.
"ლევანი ებრძოდა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს, ლევანი გააგრძელებს ბრძოლას "ოცნების" რეჟიმთან" - აცხადებს დედაქალაქის მთავარ გამზირზე მყოფი გიორგი გახარია.
შეშინებული, უსუსური ხელისუფლებაა, რომლის ერთადერთი მაშველი რგოლი ახლა არის ძალადობა. ასეთ ხელისუფლებას ვხედავთ, ამიტომ ჩვენ, ყველანი გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს ფული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისთვის, დაკარგოს ძალაუფლება, რომ არ ჰქონდეს შესაძლებლობა ასე იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ისე, რასაც აკეთებს არჩევნების შემდგომ.
ეს არის ფიზიკური ძალადობა მოქალაქეებზე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ და არ ეშინიათ აზრის გამოხატვა. ლევანი ებრძოდა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს, ლევანი გააგრძელებს ბრძოლას "ოცნების" რეჟიმთან. ჩვენ, ყველა გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ გვინდა ნორმალურ, სამართლიან, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება", - ამბობს გიორგი გახარია.
რუსთაველის გამზირზე ხმაური იყო - ადგილზე შეკრებილი ევროპული მომავლის მცველები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველები მოქალაქეებს ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
პოლიციელებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაკავებების სერიაც განაახლეს. მათ ხელბორკილები, სავარაუდოდ, ოთხ ადამიანს დაადეს.
დაზუსტებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილია. იგი პოლიციამ დაკავების მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენა.