მზია ამაღლობელის უფლებადამცველები არალეგიტიმურ ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავენ

12.02.25 15:14
მზია ამაღლობელის უფლებადამცველები არალეგიტიმურ ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავენ

რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველები საქმის მასალებზე დაყრდნობით მათი დაცვის ქვეშ მყოფის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

უფლებადამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია და ამიტომ "ოცნების" არალეგიტიმურ ხელისუფლებას 7 პუნქტიანი მოთხოვნებით მიმართავენ.

მზია ამაღლობელის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და არ სურს შიმშილობის გამო რაიმე ტიპის შეღავათით სარგებლობა, შესაბამისად, აუცილებელი სამედიცინო გამოკლევების შემდგომ, ითხოვს ციხეში დაბრუნებას. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის საჭიროებს კლინიკის პირობებში მეთვალყურეობას და ექიმების რჩევით რჩება კლინიკაში.  

მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, ვინაიდან მისი დევნა თავსდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900(2012) რეზოლუციით განსაზღვრულ კრიტერიუმებში, მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ დევნას და პატიმრობას არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები.  

არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოვითხოვთ:  
 

  • 1. სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან;  
  • 2. საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე;  
  • 3. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი;  
  • 4. პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი;  
  • 5. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო.  
  • 6. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. ირაკლი დგებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადი მოპყრობისა და 2025 წლის 11 იანვრის ბათუმის აქციაზე ციალა ქათამაძის უკანონო დაკავების გამო;  
  • 7. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 11-12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.  

მზია ამაღლობელის უფლებების დამცველები:  
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;  
იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი.