კალაძე ევროპარლამენტარებს "კორუმპირებულ, გაბოროტებულ ბიუროკრატებად" მოიხსენიებს

12.02.25 15:44
კალაძე ევროპარლამენტარებს "კორუმპირებულ, გაბოროტებულ ბიუროკრატებად" მოიხსენიებს

დაანონსებული სანქციების შემდეგ კახა კალაძე თავს ევროპარლამენტარებს ესხმის. "ოცნების" გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ სანქციების არ ეშინიათ და დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. მისი თქმით, "კორუმპირებული, გაბოროტებული ბიუროკრატები" გაგიჟებულები არიან, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მათ უარი უთხრა. 

ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები ვერ იქნება შემაჩერებელი, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, ამ ქვეყნის მომავალს. ვერანაირი სანქცია ვერ შეგვაჩერებს და არავის ეშინია სანქციების. ის კონკრეტული ბიუროკრატები, კორუმპირებული, გაბოროტებული ბიუროკრატები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, გაგიჟებულები არიან, რომ განიცადეს მარცხი, ისინი დამარცხდნენ საქართველოში. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ უთხრა ამ კორუმპირებულ ევროპულ ბიუროკრატიას „არა“, - ამბობს კალაძე. 

ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენების დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა, რომელიც განხილვაზე ხვალ უნდა გავიდეს. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე "რიჟა", "არქის" მფლობელი ილია წუალაია და  მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა.