დასასანქცირებელთა სიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხვედრა ქვეყნისთვის სრული კატასტროფაა - ზვიად ჭუმბურიძე
"სრული კატასტროფა" - ასე აფასებს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბქოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე იმ ფაქტს, რომ ეროვნული ბანკის მმართელის სახელი და გვარი ევროკავშირის დასასანქცირებელთა სიაში მოხვდა. მისი თქმით, აღნიშნული უარყოფითად არა მხოლოდ ეროვნულ ბანკზე, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება.
ეს არის სრული კატასტროფა ქვეყნისთვის, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განიხილება, აქ სანქციების დადებაზეც არ არის, თვითონ ის საკითხი, რომ განიხილება ევროკავშირში და ზოგადად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში ეს თემა, წარმოუდგენელი შედეგების მომტანი იქნება. აქ მარტო ეროვნულ ბანკზე არ არის, აქ არის ქვეყნის ეკონომიკაზე, ქვეყნის პოლიტიკაზე, - ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.
ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენების დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა, რომელიც განხილვაზე ხვალ უნდა გავიდეს. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე "რიჟა", "არქის" მფლობელი ილია წუალაია და მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა.