"უნდა შეიქმნას ახალი პროფკავშირები, რომელიც საჯარო მოხელეებს დაიცავს" - პრეზიდენტი ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლ საჯარო მოხელეებს შეხვდა - სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საერთაშორისო დონეზე, მათ შორის მიუნხენში, საჯარო მოხელეების სათქმელს წაიღებს და ცივილურ სამყაროს კარგად გააცნობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ახლა ისინი დგანან.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპელ კოლეგებთან სამოქალაქო საზოგადოების დახმარების გზებზე იმსჯელებს და ასევე მათთან ერთად განიხილავს იდეას ახალი პროფკავშირების დაარსების თაობაზე, რომელიც საჯარო მოხელეებს ქვეყანაში გამეფებული უსამართლობისგან დაიცავს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეჯერდეს პოზიციები. მთავარი არის, რომ მოფიქრებული იყოს, რა გზებით შეიძლება ჩვენ არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" იმის საშუალება, რომ ეს იარაღი, ეს ინსტრუმენტი გამოიყენოს, როგორც თვითონ ფიქრობს. ესე იგი იმისთვის, რომ როგორც სხვა ფორმით ხმარობს ჯარიმებს, ისევე ამ ფორმით სცადოს ჩაახშოს ის, რაც არის საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი და ადამიანური უფლება, რომ გამოხატოს პროტესტი. რომც იყოს საჯარო მოსამსახურე მას აქვს თავისი მოსაზრება, რაც ხდება ქვეყანაში და გამოხატოს თავისი აზრი. ეს არის ყველა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება.
მე დაინტერესებული ვარ თქვენგანის მოსაზრებები. დაინტერესებული ვარ ასევე პროფკავშირების მდგომარეობით იმიტომ, რომ ქვეყანაში რომ არსებობდნენ რეალური პროფკავშირები, თქვენ არ დაგჭირდებოდათ აქ მოსვლა, რადგან თქვენი საკითხები იქნებოდა გადაწყვეტილი და თქვენ იქნებოდით დაცული, როგორც ხდება ევროპულ ქვეყნებში და ეს არის ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ბევრ სხვასთან ერთად გვინდა ევროპა.
ყველა სხვა სამსახურში ადამიანები უნდა იყვნენ დაცული და იცოდნენ, რომ უსამართლოდ თუ მოექცევიან მათ, ამაზე იქნება რეაგირება იმ კავშირებისგან, რომლებიც ამისთვის არსებობენ. სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა, როგორ დავახასიათო არ ვიცი, ასეთი კავშირები, რომლებიც რეალურად რისთვის აგროვებენ ფულს, არ ვიცი. მაგრამ, ძირითადად, ალბათ, თავიანთი თვითმოხმარებისთვის და არა იმ საქმისთვის, რასაც ქვია ადამიანების დაცვა.
მეც მინდა, რომ ვიყო თქვენი დამცველი ამ სიტუაციაში. მინდა, რომ წავიღო თქვენი სათქმელი ევროპაში, სადაც მივდივარ ახლაც და არა მხოლოდ ახლა. მიუნხენის კონფერენცია არის ერთ-ერთი საშუალება, რადგან იქ ევროკავშირის ბევრი ქვეყნების და ინსტიტუტების ხელმძღვანელები იქნებიან წარმოდგენილები და მათთან ამ საკითხის დასმა იქნება მნიშვნელოვანი. თუნდაც ერთი კუთხით, რომ, როცა ლაპარაკობენ იმაზე, რომ ის დახმარებები, რაც მიდიოდა სამთავრობო პროგრამებზე, ახლა წამოვა სამოქალაქო საზოგადოებაზე. თუ მართლა ამას ფიქრობენ და ამას გააკეთებენ ერთ-ერთი მიმართულება ამ დახმარებების უნდა იყოს ახალი პროფკავშირები, რომლებიც მიემართება იმისკენ, რომ დაიცვან დღევანდელი საჯარო მოხელეები იმ მდგომარეობისგან, რაც არის შექმნილი ქვეყანაში." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, მიუნხენში გამგზავრებამდე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კონსულტაციებს განაგრძობს - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი აუდიენცია საჯარო მოხელეებთან გამართა.