ბესელია: ზურაბიშვილი მოსამართლეებისა და პოლიციელების სიას ევროპულ ჯგუფებს გადასცემს - მოთხოვნა მათი დასანქცირებაა

12.02.25 22:23
ბესელია: ზურაბიშვილი მოსამართლეებისა და პოლიციელების სიას ევროპულ ჯგუფებს გადასცემს - მოთხოვნა მათი დასანქცირებაა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე "სამართლიანობის" ლიდერი, ეკა ბესელია "ტვ პირველის" ეთერში საუბრობს - მისი ცნობით, აუდიენციის დროს ყველა იმ მოსამართლის სია წარადგინეს, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებენ.

ეკა ბესელიას განცხადებით, შეხვედრაზე ასევე იმ პოლიციელებისგან დაკომპლექტებული სიის პრეზენტაცია გამართეს, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლო სხდომაზე ცრუ მოწმეთა სახით იყენებს.

"პრეზიდენტი ამ სიას მიუნხენში წაიღებს და გადასცემს ევროპულ სტრუქტურაში შესაბამის ჯგუფებს. მოთხოვნა არის მათი სანქცირება" - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დღეს ჩვენ პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვაჩვენეთ ყველა იმ მოსამართლის სია, ვინც ფიგურირებს ამ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში. უსამართლო გადაწყვეტილების მიმღები - ეს ის ხალხია, ვინც ამ რეჟიმს ამართლებს. მთავარი დამნაშავეები, პოლიტიკურ სათავეში მდგარი პირების გარდა, მოსამართლეები არიან, მათი ხელით ხდება ყველაფერი. 

ყველა გვარი გადმოვატანინეთ, მათ შორის, ვაჩვენეთ იმ ცრუ პოლიციელთა ვინაობები, 30-ზე მეტია ასეთი. ამ სიას პრეზიდენტი წაიღებს მიუნხენში და გადასცემს ევროპულ სტრუქტურაში შესაბამის ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ და თავად უწევენ ორგანიზებას დასანქცირების პროცესს. მოთხოვნა არის, რომ ყველა ამ მოსამართლის მიმართ გავრცელდეს სანქციები, ასევე ამ ცრუ პოლიციელების მიმართაც, რომლებიც საქმეებში მოწმეებად გამოდიან", - ამბობს ეკა ბესელია.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ეკონომისტებს და ფინანსიტებს შეხვდა. მან ასევე აუდიენცია გამართა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან და საჯარო მოხელეებთან.