ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ როჯერ უიკერი აირჩიეს - სენატორმა საქართველოს შესახებ ისაუბრა
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ რესპუბლიკელი სენატორი, როჯერ უიკერი აირჩიეს - ჰელსინკის კომისიის ინფორმაციით, როჯერ უიკერმა პოსტის დაკავებისას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.
როგორც რესპუბლიკელმა სენატორმა განაცხადა, "საქართველო გზაგასაყარზე დგას, როდესაც "ქართული ოცნება" ცდილობს ქვეყანა რუსეთისკენ მიათრიოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დააშოროს".
დღევანდელი გამოწვევები არანაკლებ აქტუალურია. მოუთმენლად ველი მუშაობას ორპალატიან, ორპარტიულ საფუძველზე, რათა მოვძებნოთ რუსეთის ომის უკრაინასთან სამართლიანი დასასრული, უფრო ძლიერი ნატოს ალიანსი და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესს ემსახურება.
რუსეთი აწარმოებს ყველაზე დიდ სახმელეთო ომს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის მომავალს და დამოუკიდებლობას, არამედ ევროპაში ამერიკის მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს. სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ თაობათა შესაძლებლობა მიაღწიონ გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას ათწლეულების ძალადობისა და აჯანყების შემდეგ. იმავდროულად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გზაჯვარედინზე დგას, როცა პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მათ მიერ არჩეული გზიდან დაშორებას ცდილობს. ამ ისტორიულ მომენტში შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობას და გააძლიერებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რათა გააგრძელოს ამერიკის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვა.”, - განაცხადა უიკერმა.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იცვლებიან. ყოფილი თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, კომისიის თანათავმჯდომარის თანამდებობაზე გადავიდა.