სანქცირების სიაში ივანიშვილის ოჯახი ასე ფართოდ პირველად არის ჩასმული - ზურაბ ჯაფარიძე

13.02.25 11:13
სანქცირების სიაში ივანიშვილის ოჯახი ასე ფართოდ პირველად არის ჩასმული - ზურაბ ჯაფარიძე

ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების ყველაზე მასშტაბურ სიას ევროპარლამენტში კენჭს თბილისის დროით ზუსტად 15:00 საათზე უყრიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, ამბობს, რომ სანქცირების სიაში ივანიშვილის ოჯახი ასე ფართოდ პირველად არის ჩასმული.

მისივე თქმით, არ ახსოვს ევროპარლამენტს ასეთი მკაცრი რეზოლუციის ტექსტი ოდესმე მიეღოს.

კარგი სია არის ჩემი აზრით, მათ შორის პირველად არის ოჯახი ფართო გაგებით ჩასმული. აქ არიან ოჯახის წევრები ჩასმული, რომლებიც მე არასდროს არ შემხვედრია არცერთ დასანქცირების ან სარეკომენდაციო სიაშიც კი. კარგი სიაა მაგ მხრივ, პროპაგანდისტების ამ ორი ნაწილიდან ჩემი აზრით ვიღაცეები აკლია. სახელ და გვარებს მე არ დავასახელებ, მაგრამ პროპაგანდისტების ნაწილში და "ბიზნესმენების" ნაწილში ვიღაცეები აკლია. ჩემი აზრით, საკმაოდ მკაცრი რეზოლუცია არის, ყოველ შემთხვევაში ასეთი მკაცრი ტექსტი მე არ მახსოვს ევროპარლამენტს მიეღოს და ამხელა თან საქართველოსთან მიმართებაში მიიღოს", - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ოლიგარქის რეჟიმი ახალი პოლიტიკური განაჩენის მოლოდინში - სტრასბურგში რამდენიმე საათში უყრიან კენჭს ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების ყველაზე მასშტაბურ სიას. კენჭისყრა ევროპარლამენტში თბილისის დროით ზუსტად 15:00 საათზე დაიწყება.

ივანიშვილის ოთხივე შვილი, ცოლი, დისშვილი, დეიდაშვილი. პრემიერი, მინისტრები და თბილისის მერი.  კარის ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი და სულხან პაპაშვილი, იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრი მაუწყებლიდან თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კომიკინაციების კომისიის თავმჯდომარე -  ყველას სახელი და გვარი შავ სიაშია ჩაწერილი.

დღეს "ქართული ოცნებისთვის"  მძიმე დღეა - ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციას შესაძლოა, დამაჩქარებლის ეფექტი ჰქონდეს და ევროკავშირის სახელმწიფოები მოქმედებაზე ინდივიდუალურად გადავიდნენ. ეს საქართველოს ისტორიაში იქნება ყველაზე მწვავე დოკუმენტი, რომელსაც ევროპარლამენტი დაამტკიცებს. ამ დოკუმენტში ხაზგასმულია "ოცნების" რეჟიმის არაღიარება, რასაც მოწმობს შავ სიაში ეგრედწოდებული თანამდებობების ნაცვლად - პირების მხოლოდ სახელებით და გვარებით მოხსენიება.