ზომები უნდა იყოს მიმართული თვითგამოცხადებული ხელისუფლებისკენ, რომელიც საქართველოს ავტოკრატიად აქცევს - ევროპარლამენტარი
ამ წუთიდან ყურადღების ცენტრშია სტრასბურგი - ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ უმძიმეს რეზოლუციას კენჭს ცოტა ხანში უყრიან. საქართველო თანრიგის მიხედვით მე-4 საკითხია.
კენჭის ყრის პროცედურის დაწყებამდე კი ევროპარლამენტარები მედიასთან აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია.
რენიერ ვან ლანშოტი იმასაც ამბობს, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესება უმნიშვნელოვანესია - "ეს ზომები უნდა იყოს მიმართული თვითგამოცხადებული ხელისუფლებისკენ, რომელიც საქართველოს ავტოკრატიად აქცევს".
თუ ვისაუბრებთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე, ყველაზე მკაფიო გამოსავალი არის ახალი არჩევნები, რომლებიც უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი, რათა ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს თავისი მომავალი. ჩვენ მივიღებთ რეზოლუციას იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ჩვენ მოვითხოვთ ახალ არჩევნებსა და სანქციებს, ასევე ვთხოვთ ევროპულ საბჭოს, რომელშიც წევრი სახელმწიფოების ლიდერები არიან გაერთიანებულები, სლოვაკეთისა და უნგრეთის გარეშეც მიიღონ ზომები. ამ ზომებმა არ უნდა დააზიანოს ქართველი ხალხი, არამედ უნდა იყოს მიმართული იმ თვითგამოცხადებული ხელისუფლებისკენ, რომელიც საქართველოს ავტოკრატიად აქცევს", - ამბობს რენიერ ვან ლანშოტი.
ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენბის დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა, რომელიც განხილვაზე დღეს უნდა გავიდეს.
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე "რიჟა", "არქის" მფლობელი ილია წუალაია და მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა.