ივანიშვილის პარტიამ საგამოძიებო კომისია შექმნა - დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე "ხარებას"?
"ქართული ოცნების" პარლამენტში წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. დღეს, 13 თებერვალს კომისიის მდივნად „ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი აირჩიეს.
კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:
- „ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;
- „ხალხის ძალა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტები“ (ილია ინჯია).
"ოცნება" ამბობს, რომ 2003-დან 2012-წლამდე "ხელისუფლების დანაშაულებს" გამოიძიებს, თუმცა მათი განცხადებებიდან ჩანს, რომ ერთ-ერთი მთავარი მოტივი 2008 წლის ომის გამოძიებაა. ეს იმ პირობებში, როცა საერთაშორისო სასამართლო აგვისტოს ომში ერთადერთ დამნაშავედ რუსეთს აცხადებს.
თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ მათი ინტერესის სფერო სამხედროები არ იქნებიან, ივანიშვილის გუნდის სამიზნე პოლიტიკოსები და ის პირები არიან, რომლებიც წინა ხელისუფლებაზე ინფორმაციას ფლობს. საინტერესოა ერთი დეტალი - სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც 13 წლის წინაც იყვნენ სისტემაში და ახლაც იკავებენ თანამდებობებს. ასეთია მაგალითად:
- სპეცრაზმის ამჟამინდელი შეფი, ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც ამავე სამსახურში ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროსაც მუშაობდა.
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძე.
"პირველები" დაინტერესდა, დაიბარებენ თუ არა მათ კომისიაში, რაზეც წულიკუანი ამბობს:
თუ ეს ბატონი (ხარება) წინა ხელისუფლების მმართველობის იყო პოლიტიკური თანამდებობის პირი და ჩვენ დაგვაინტერესებს ფაქტები, რა თქმა უნდა მას მოვიწვევთ. თუ მოცემული ბატონი, სხვა ქალბატონი, სხვა ბატონები იყვნენ იყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, ან ფლობენ ისეთ ინფორმაციას, რაც ჩვენ დაგვაინტერესებს, რა თქმა უნდა ყველას მოვიწვევთ"- განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, "ოცნების" წევრი იქვე იმუქრება, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" არაღიარებული პარლამენტის კომისიასთან არ ითანამშრომლებს, პასუხისმგებლობის დაკისრებით ემურება.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და წინა ხელისუფლების გასამართლება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.