კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ, ივანიშვილის გუნდი განცხადებას ავრცელებს

13.02.25 16:16
კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ, ივანიშვილის გუნდი განცხადებას ავრცელებს

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებული უმწვავესი რეზოლუციის შემდეგ, "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს.

ივანიშვილის გუნდი კვლავ შეთქმულების თეორიებს ავითარებს და ირწმუნება, რომ კრიტიკული დოკუმენტი ევროპელმა დეპუტატებმა "დიფ სთეითის" გავლენის შედეგად მიიღეს. 

TVPIRVELI.GE განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. 

ჯერ კიდევ 2023 წლის 26 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა: „ეს გადამწყვეტი ბრძოლაა. ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ უნდა გავანადგუროთ „დიფ სთეითი“. 

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურად ჩაება და ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას „დიფ სთეითის“ განადგურების საქმეში.

ჩვენი მხრივ, დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას. 

როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით.

ასევე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გუშინდელი განცხადება - „ევროპული ინსტიტუტების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია“.

ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია." - წერია განცხადებაშ. 

400 მომხრე 63 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუცია  დაამტკიცა.

  • ივანიშვილის ოთხივე შვილი, ცოლი, დისშვილი, დეიდაშვილი, პრემიერი, მინისტრები და თბილისის მერი, კარის ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი და სულხან პაპაშვილი, იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრი მაუწყებლიდან თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კომიკინაციების კომისიის თავმჯდომარე -  ყველას სახელი და გვარი შავ სიაშია ჩაწერილი. რეზოლუციის თანახმად, "ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს".

რა წერია დოკუმენტში კონკრეტულად? 

  • დოკუმენტში არის ჩანაწერი "ქართული ოცნების" არაღიარებასთან დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსები მოუწოდებენ სრულიად ევროკავშირს, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს რეჟიმს, რომელიც თვითგამოცხადებულია. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს როგორც უკანონო რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოს, რომელიც ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირს აშორებს. სტრასბურგში მიაჩნიათ, რომ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია.
  • ევროპარლამენტი საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ ანიჭებს და საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილს განიხილავს. 
  • ამასთან, რეზოლუციაში საუბარია პოლიტპატიმრების შესახებაც. ევროპელი დეპუტატები სინდისის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, სანქციების სია ევროკომისიას გადაეცემა და დოკუმენტზე მუშაობა უშუალოდ კაია კალასის უწყებას მოუწევს. 

მსგავსი სიახლეები