400 ხმით რეზოლუცია დამტკიცებულია - პირველი შეფასებები სტრასბურგიდან

13.02.25 17:15
400 ხმით რეზოლუცია დამტკიცებულია - პირველი შეფასებები სტრასბურგიდან

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან და ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას აწვდიან, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუციის დამტკიცებას აფასებენ.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ დოკუმენტის ერთ-ერთი ჩანაწერი ევროკავშირის წევრ თითოეულ სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მსახურებს სანქციები ეროვნულ დონეზე დაუწესონ. 

ერთ-ერთი ჩანაწერი არის ის, რომ გარკვეული საკითხები, რომელსაც ევროკავშირი ვერ იღებს კონსენსუსით იმის გამო, რომ ორბანი და ფიცო უშლიან ხელს, პირდაპირ არის მოწოდება, რომ მიბაძეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ეს ეხება სანქციებს. როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ინდივიდუალურად დაასანქცირა კონკრეტული ადამიანები, იგივე რომ გააკეთოს 25-მა ქვეყანამ, ანუ 2-ის გამოკლებით, სლოვაკეთის და უნგრეთის გამოკლებით", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

ნიკა გვარამია კი მიიჩნევს, რომ EU-ში მიღებული რეზოლუცია ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის შედეგია. 

დიდი ერთსულოვნებაა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამაში ქართველი ხალხის ნებამ. ბევრი ვიმუშავეთ ჩვენც, ოპოზიციონერებმაც", - ამბობს ნიკა გვარამია.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუცია  დაამტკიცა.

  • ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის მთავრობას დე ფაქტოსა და თვითგამოცხადებულს უწოდებს, არ ცნობს მას და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.
  • რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საპროტესტო აქციებზე ძალადობის შემთხვევების გამოძიებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოუწოდებს. 

რეზოლუციის თანახმად, "ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს".

  • ივანიშვილის ოთხივე შვილი, ცოლი, დისშვილი, დეიდაშვილი, პრემიერი, მინისტრები და თბილისის მერი, კარის ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი და სულხან პაპაშვილი, იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრი მაუწყებლიდან თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კომიკინაციების კომისიის თავმჯდომარე -  ყველას სახელი და გვარი შავ სიაშია ჩაწერილი.

რა წერია დოკუმენტში კონკრეტულად? 

  • დოკუმენტში არის ჩანაწერი "ქართული ოცნების" არაღიარებასთან დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსები მოუწოდებენ სრულიად ევროკავშირს, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს რეჟიმს, რომელიც თვითგამოცხადებულია. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს როგორც უკანონო რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოს, რომელიც ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირს აშორებს. სტრასბურგში მიაჩნიათ, რომ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია.
  • ევროპარლამენტი საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ ანიჭებს და საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილს განიხილავს. 
  • ამასთან, რეზოლუციაში საუბარია პოლიტპატიმრების შესახებაც. ევროპელი დეპუტატები სინდისის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციაში ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ვახო გომელაური, შალვა პაპუაშვილი რეგალიის გარეშე არიან ჩაწერილები, რაც იმას ნიშნავს, რომ EU მათ თანამდებობის პირებად არ აღიარებს. 

შეგახსენებთ, რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, სანქციების სია ევროკომისიას გადაეცემა და დოკუმენტზე მუშაობა უშუალოდ კაია კალასის უწყებას მოუწევს. 

მსგავსი სიახლეები