ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიცავს ივანიშვილის რეჟიმის ხელშემწყობთა სრულ სიას, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ - უილსონი
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუციის დამტკიცებას ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი ეხმაურება.
ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ დოკუმენტი ივანიშვილის რეჟიმის ხელშემწყობთა სრულ სიას მოიცავს, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ.
მადლობელი ვარ ევროპარლამენტის უკიდურესად ძლიერი რეზოლუციის გამო საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რომელიც დიდი უმრავლესობით იქნა მიღებული. ის შეიცავს ივანიშვილის რეჟიმის ხელშემწყობთა სრულ სიას, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ. ერთადერთი წინ მიმავალი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!” - წერს უილსონი.
400 მომხრე 63 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუცია დაამტკიცა.
- ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის მთავრობას დე ფაქტოსა და თვითგამოცხადებულს უწოდებს, არ ცნობს მას და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.
- რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საპროტესტო აქციებზე ძალადობის შემთხვევების გამოძიებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოუწოდებს.
რეზოლუციის თანახმად, "ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს".
- ივანიშვილის ოთხივე შვილი, ცოლი, დისშვილი, დეიდაშვილი, პრემიერი, მინისტრები და თბილისის მერი, კარის ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი და სულხან პაპაშვილი, იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრი მაუწყებლიდან თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კომიკინაციების კომისიის თავმჯდომარე - ყველას სახელი და გვარი შავ სიაშია ჩაწერილი.
რა წერია დოკუმენტში კონკრეტულად?
- დოკუმენტში არის ჩანაწერი "ქართული ოცნების" არაღიარებასთან დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსები მოუწოდებენ სრულიად ევროკავშირს, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს რეჟიმს, რომელიც თვითგამოცხადებულია. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს როგორც უკანონო რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოს, რომელიც ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირს აშორებს. სტრასბურგში მიაჩნიათ, რომ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია.
- ევროპარლამენტი საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ ანიჭებს და საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილს განიხილავს.
- ამასთან, რეზოლუციაში საუბარია პოლიტპატიმრების შესახებაც. ევროპელი დეპუტატები სინდისის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციაში ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ვახო გომელაური, შალვა პაპუაშვილი რეგალიის გარეშე არიან ჩაწერილები, რაც იმას ნიშნავს, რომ EU მათ თანამდებობის პირებად არ აღიარებს.
შეგახსენებთ, რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, სანქციების სია ევროკომისიას გადაეცემა და დოკუმენტზე მუშაობა უშუალოდ კაია კალასის უწყებას მოუწევს.