ევროპარლამენტმა დღეს ივანიშვილის ხელისუფლების სრული დელეგიტიმაციის რეზოლუცია მიიღო - ხაზარაძე
"ევროპარლამენტმა დღეს ივანიშვილის ხელისუფლების სრული დელეგიტიმაციის რეზოლუცია მიიღო" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე წერს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვიზალიბერალიზაციის საკითხი დარტყმის ქვეშ დააყენა.
ევროპარლამენტმა დღეს 400 ხმით 63-ის წინააღმდეგ მიიღო ივანიშვილის ხელისუფლების სრული დელეგიტიმაციის რეზოლუცია!
“ქართულმა ოცნებამ” დარტყმის ქვეშ დააყენა ვიზალიბერალიზაციის საკითხიც. ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს რუსული ოცნების იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო!
ახალი არჩევნები გარდაუვალი და უალტერნატივო გამოსავალია ამ ღრმა კონსტიტუციურ-პოლიტიკური კრიზისიდან!" - წერს მამუკა ხაზარაძე.
400 მომხრე 63 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუცია დაამტკიცა.
- ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის მთავრობას დე ფაქტოსა და თვითგამოცხადებულს უწოდებს, არ ცნობს მას და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.
- რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საპროტესტო აქციებზე ძალადობის შემთხვევების გამოძიებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოუწოდებს.
რეზოლუციის თანახმად, "ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს".
- ივანიშვილის ოთხივე შვილი, ცოლი, დისშვილი, დეიდაშვილი, პრემიერი, მინისტრები და თბილისის მერი, კარის ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი და სულხან პაპაშვილი, იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრი მაუწყებლიდან თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კომიკინაციების კომისიის თავმჯდომარე - ყველას სახელი და გვარი შავ სიაშია ჩაწერილი.
რა წერია დოკუმენტში კონკრეტულად?
- დოკუმენტში არის ჩანაწერი "ქართული ოცნების" არაღიარებასთან დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსები მოუწოდებენ სრულიად ევროკავშირს, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს რეჟიმს, რომელიც თვითგამოცხადებულია. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს როგორც უკანონო რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოს, რომელიც ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირს აშორებს. სტრასბურგში მიაჩნიათ, რომ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია.
- ევროპარლამენტი საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ ანიჭებს და საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილს განიხილავს.
- ამასთან, რეზოლუციაში საუბარია პოლიტპატიმრების შესახებაც. ევროპელი დეპუტატები სინდისის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციაში ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ვახო გომელაური, შალვა პაპუაშვილი რეგალიის გარეშე არიან ჩაწერილები, რაც იმას ნიშნავს, რომ EU მათ თანამდებობის პირებად არ აღიარებს.
შეგახსენებთ, რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, სანქციების სია ევროკომისიას გადაეცემა და დოკუმენტზე მუშაობა უშუალოდ კაია კალასის უწყებას მოუწევს.